ზვიად ცეცხლაძე განსასჯელის სკამიდან ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ციტირებდა- “სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! “

06.12.24 19:55
ზვიად ცეცხლაძე განსასჯელის სკამიდან ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ციტირებდა- “სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! “

მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, - ასე დაიწყო სასამართლო პროცესზე საკუთარი მიმართვა "დაფიონის" დამფუძნებელმა, ზვიად ცეცხლაძემ.

მან ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ მაშინ მისი სიტყვაც კანონდარღვევა უნდა იყოს, სადაც ის ამბობს, რომ რევოლუციაზე საუბრობს.

“სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ასეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ", - წერდა ილია.

მან ასევე სამართალდამცავებს მიმართა და განმარტა, რომ ის აპრილ-მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, მაშინ ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ახლა კი პიროტექნიკას იყენებდნენ.

მსურს დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ, რომლებიც იბრძვიან თავისი სამშობლოსთვის", - განაცხადა ცეცხლაძემ.

ამასთან ცეცხლაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატია დასრულდა, რაც აძლევს საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ წინააღმდეგობა გასწიოს, დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს.... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გავიმარჯვებთ სახელოვნად",- განაცხადა ცეცხლაძემ.

"დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს - უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო. 

ცნობისთვის, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი.

ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.