"მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი, რომ ვასრულებდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავალებას, ვაცხადებ შიმშილობას" - კიკნაძე

06.12.24 21:25
"მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი, რომ ვასრულებდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავალებას, ვაცხადებ შიმშილობას" - კიკნაძე

რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ დაკავებული რევაზ კიკნაძე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს. 

ახალგაზრდა წერს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მას ტყუილის თქმას სთხოვდნენ, რომ თითქოს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფინანსებდნენ და მათ დავალებას ასრულებდა. 

რევაზ კიკნაძე წერილშივე აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს.

ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად", - წერს კიკნაძე წერილში.

ცნობისთვის, რევაზ კიკნაძე დღეს, 6 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, მას 225-ე მუხლს ედავებიან. დაკავებულს ბრალი არ წარდგენია.