"უმკაცრესად ვგმობთ საგანგაშო მოვლენებს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას ევროპული კურსის მიმართ" - ქართველი სტუდენტები ჩინეთში
ჩინეთში მყოფი ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ ძალადობას და დემონსტრანტების ცემას კატეგორიულად გმობენ.
განცხადების 58 ხელმომწერი ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ მტკიცე მხარდაჭერასა და ერთგულებას გამოხატავს.
ჩვენ, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, სტუდენტებზე, ვინც ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს, ვუერთდებით მათ სულისკვეთებასა და თავდადებას. განცხადება, ევროპული ინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებაზე, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ევროინტეგრაციის შესახებ, რაც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს უმნიშვნელოვანეს მისწრაფებას. ამ მისწრაფების უარყოფა ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და თავგანწირვას იმ თაობებისა, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისათვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში, ლიეტუვაში, იტალიაში, ჩეხეთში მოღვაწე საქართველოს ელჩებს, ვინც პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. მივმართავთ საქართველოს ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სამართლიანობის, სოლიდარობისა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისადმი ერთგულების პრინციპების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.