დაკავებულები იმყოფებიან ზაჰესის, საგარეჯოს, რუსთავის და გორის იზოლატორებში - ადვოკატი
"იემსის" ადვოკატის, მარიამ პატარიძის ინფრომაციით, გამთენიისას აქციის დაშლის დროს დაკავებულები ზაჰესის, საგარეჯოს, რუსთავის და გორის იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი.
პატარიძე ამბობს, რომ ადვოკატები 24-საათიან რეჟიმში მუშაობე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაზუსტდეს დაკავებულების ადგილსამყოფელი.
ქსელში შემოსულია 35-მდე შეტყობინება. ჩვენს მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, დაკავებულები იმყოფებიან: ზაჰესის, საგარეჯოს, რუსთავის და გორის იზოლატორებში. ჩვენ ადვოკატები გადანაწილებული ვართ ამ იზოლატორებში, ყველა მათგანს ვინახულებთ. ერთი ადვოკატი უკვე შესულია ზაჰესის იზოლატორში, რადგან უმეტესობა დაკავებულებისა იმყოფება ავჭალაში. მე მოვედი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვინახულოთ აქ მყოფი პირები. მინდა მივმართო ყველა დაკავებულის ოჯახს. ჩვენ, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაზუსტოთ მათი ადგილსამყოფელი და განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება. არცერთი ადამიანი არ დარჩება სამართლებრივი დახმარების გარეშე'', - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული 5 პირი ერთ-ერთმა ადვოკატმა უკვე მოინახულა. უფლებამდაცველის თქმით, 5-ვე დაკავებულს მცირე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
ხუთივე დაკავებული არის ადმინისტრაციული წესით, როგორც თვითონ დაკავებულებმა გვითხრეს, დაკავებულები არიან ადმინისტრაციული სამართლებრივი კოდექსის 1667- ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს, წვრილმან ხულიგნობას და ასევე 173- ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ყველა დაკავებული თავს კარგად გრძნობს, მათ მიმართ არ განხორციელებულა არსებითი ფიზიკური შეურაცხაობა, არ არიან ნაცემები. აღენიშნებათ, მცირე ფიზიკური დაზიანებები სხეულზე, რამდენიმეს მაგალითად ცხვირიდან სისხლის დენა'', - ამბობს ადვოკატი.
სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.
თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.