ევროკომისიის ანგარიში - ვმსჯელობთ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ

07.12.24 13:05
ევროკომისიის ანგარიში - ვმსჯელობთ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ

საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს - ამის შესახებ ევროკომისიის მეშვიდე „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

 „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში ასევე წერია, რომ სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია.

„საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია. პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაშორება გაიზარდა. საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, სავიზო პოლიტიკის ნაკლები შესაბამისობა ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს არ წარმოადგენს. თუმცა, კომისია იხსენებს, რომ სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სამეზობლოში ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის“, - ნათქვამია ანგარიშში.

რა უნდა შეასრულოს საქართველომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თავიდან ასაცილებლად - ევროკომისია რეკომენდაციების სახით კონკრეტულ საკითხებს გამოყოფს:

„უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ცვლილებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული პატივისცემა.

საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან.

გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით.

შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის საკითხებში.

მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები გამოყოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, სასამართლო დევნასა და განაჩენის გამოტანას.

ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ის, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს ეხება.

მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები