დაკავებულებმა მთხოვეს გადმომეცა, რომ არ უშინდებიან სისტემას და მზად არიან გააგრძელონ ბრძოლა ამ რუსულ რეჟიმთან - ადვოკატი
ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში 20-მდე დაკავებულია გადაყვანილი, რომლის ნაწილიც ამ დრომდე იზოლატორში შესახლებას ელოდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა ცოტა ხნის წინ მოინახულა 5 დაკავებული. მარიამ პატარიძის ინფორმაციით, 5-დან 3-ს დაზიანებები აქვს მიყენებული.
დაკავებულებმა მთხოვეს გადმომეცა, რომ ისინი არიან მხნედ, არ უშინდებიან ამ სისტემას და მზად არიან გააგრძელონ ამ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა - ამბობს ადვოკატი.
მე ვინახულე 5 დაკავებული. 5-დან 3 დაკავებული არის შედარებით უფრო მძიმედ ნაცემი, ერთს ნაკლებად აღენიშნებოდა დაზიანებები, ხოლო ერთს არ აღენიშნებოდა დაზიანებები. რთულია მივცე სამართლებრივი შეფასება იმ მოვლენებს, მათ შორის, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი და სტანდარტულად, შაბლონური მუხლებით არიან ეს ადამიანები დაკავებულები, რაც გამოიხატება, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში. ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლოში ჩვენ ვიკრიბებით არა კანონიერი მართლმსაჯულების განხორციელებად, არამედ იმ რეპრესიული პოლიტიკის განსახორციელებლად, რასაც ბოლო 10 დღეა ვუყურებთ. დღეს დაკავებულებმა მთხოვეს გადმომეცა, რომ ისინი არიან მხნედ და არ უშინდებიან ამ სისტემას და მზად არიან გააგრძელონ ამ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა'', - ამბობს ადვოკატი.
ზაჰესისი იზოლატორში არიან გადაყვანილი ასევე ექიმი სანდრო მეტრეველი და ლექტორი არჩილ ჯანგირაშვილი. დაკავებულებთან ჯერ ადვოკატი არ შესულა.
დაკავებულებთან შესულები არიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ასევეადგილზე იმყოფებიან სპეციალური საგამოძებო სამსახურის გამომძიებლები.
სავარაუდოდ ისინი ნაცემ მომიტინგეებს მოინახულებენ.
სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.
თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.