სირიის არმიის სარდლობამ ოფიცრებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შესახებ აცნობა
სირიის არმიის სარდლობამ ოფიცრებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შესახებ აცნობა. ამის შესახებ Reuters-ი სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, ასადმა დამასკო დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.
ვებსაიტის Flightradar-ის ცნობით, სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან დაახლოებით იმავე დროს აფრინდა, როდესაც მეამბოხეებმა ქალაქი აიღეს. ის თავდაპირველად სირიის სანაპირო რეგიონისკენ გაფრინდა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა, სანამ რუკიდან გაქრებოდა. ვინ იმყოფებოდა ბორტზე - უცნობია.
იმავდროულად, სირიის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს მმართველობის უწყვეტობას და ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს.