მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტთან, ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების ფოტოები და საპროტესტო ბანერები ჩამოკიდეს

08.12.24 16:50
მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტთან, ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების ფოტოები და საპროტესტო ბანერები ჩამოკიდეს

მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები, საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. ჟურნალისტები და ოპერატორები დღეს ქუჩაში იმის შემდეგ გავიდნენ, რაც გუშინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს მოძალადე დაჯგუფება დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მედიის წარმომადგენლები მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ახლადდამონტაჟებულ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე იმ ჟურნალისტების ფოტოები გამოფინეს, რომელზეც სისტემამ იძალადა. ჩამოკიდეს საპროტესტო ბანერებიც. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ნაძვის ხე ალყაში მოაქცია. 

ეს არის სისხლიანი ნაძის ხე. რუსთაველი სისხლით მორწყეს და მიმდებარე ქუჩები ჩვენი კოლეგების, ძალიან მამაცი ჟურნალისტების და ოპერატორების და ამ ნაძვის ხეზე მხოლოდ მათი ფოტოები შეიძლება, იყოს. იმისთვის, რომ ახსოვდეთ, რას სჩადიან, ეს ბანდიტური ორგანიზაციები, რომლებიც უსწორდებიან ადამიანებს. ვერაფრით შეგვაშინებენ, ვერაფრით გაგვაჩუმებენ, - ამბობს „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.  

ვის ეზეიმება? აქ გაზის კაფსულები ეგდო 2 დღის წინ, ბავშვები შეიძლება აქ ვინმემ მოიყვანოს და ახალი წელი იზემოს? გუშინ სისხლის გუბეები იდგა თბილისში და პირდაპირ ეთერში კლავდნენ ადამიანებს. ნუ იქნებით მკვლელები და მკვლელების „გამპრავებლები“. ჩვენ მაინც გადავრჩებით და ჩვენ ვიქნებით ახალი საქართველო, - ამბობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე. 

მსგავსი სიახლეები