"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან 48 საათი გავიდა - კაციტაძის უწყება დუმს

09.12.24 11:24
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან 48 საათი გავიდა - კაციტაძის უწყება დუმს

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ 48 საათი გავიდა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ ამბობს, რა ეტაპზეა გამოძიება. ჯერჯერობით ისევ უცნობია, იდენტიფცირებულები არიან თუ არა მოძალადეები. მედიის წარმომადგენლები დამნაშავეების ვინაობის დადგენას ახლა საკუთარი ძალები ცდილობენ. 

"პირველები" დილიდან კაციტაძის უწყებასთან მივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ამ დრომდე სამსახურში არ გამოჩენილა. უწყების თანამშრომლებს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, რა დაადგინეს მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის საქმეზე, თუმცა უწყების წარმომადგენლები დუმილის რეჟიმში არიან. ყველა თანამშრომელს ჟურნალისტის კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ: "შეხება არ მაქვს ამ საქმესთან". 

დაზარალებული ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ამბობს, რომ სამართლიანია გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან დარწმუნებულია, დამნაშავებიი სწორედ ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ და შესაბამისად, მათ არავინ დასჯის. 

არ მჯერა მე იმის, რომ კოკა კაციტაძის უწყების ინტერესში შედის ან მათი მიზანია ამ დამნაშავეების გამოვლენა, არანაირად, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი ადამიანები არიან. ისინი არბევდნენ ქუჩაში აქციის მონაწილეებს, ისინი გაგვისწორდნენ ჩვენ. პატრული გვერდით მედგა და არ რეაგირებდა. ანუ საკუთარ თავს დაიჭერენ? არ მგონია. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მხოლოდ მედია გამოიძიებს ამ ამბავს, ჩემი აზრით და კოკა კაციტაძის უწყება იმუშავებს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე. არაერთ საქმეზე მაქვს ჩვენება მიცემული და არანაირი რეაგირება არცერთ საქმეს არ მოჰყოლია. ამ საქმეზე მითუმეტეს... ზუსტად ვიცი, რომ მათ თითოეულის ვინაობა იციან. ესენი არ იყვნენ რიგითი ადამიანები, ეს არ იყო ე.წ. ქუჩის შპანა. ეს იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფი. მათ შორის, სპეციალური მომზადება ჰქონდა ბევრს გავლილი. ბევრ კი არადა, ყველას, შესაძლოა, - ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

ობიექტური გამოძიების იმედი არც "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს აქვს. მისი თქმით, საგამოძიებოში სხვადასხვა საქმეებზე არაერთხელ გამოკითხეს, თუმცა რეაგირება არასდროს მომხდარა. 

გამაყუჩებლებს მიკეთებენ ცოტა ტკივილები მაქვს თავის არეში, დაბეჟილობებში, ხერხემალში, ხელის არეში, სადაც მირტყეს. სანამ წიხლებით შემდგებოდნენ ორი დღით ადრე საგამოძიებოში გამომკითხეს, ოღონდ სხვა ამბავზე, კეფაში რომ ჩამარტყეს. არაერთხელ ვყოფილვარ საგამოძიებოში, არაერთხელ გამოუკითხივარ და უბრალოდ, მაქვს დაზარალებულის სტატუსი ანუ სხვა რეაგირება არ მომხდარა არასდროს. ფორმალურად ვავსებთ, უბრალოდ, ამას და მივდივართ წრეზე. ჩვენი გადაცემის, შაბათის ეთერის მიმართ ძალიან აგრესიულები არიან, იმიტომ, რომ ჩვენს რეპორტაჟებში არაერთხელ ვამხილეთ მოძალადეები, არაერთხელ გავაშუქეთ კორუფცია და ახლაც ვაშუქებთ ხალხის პრობლემებს. ჩვენ მაყურებლამდე მაინც მივიტანთ იმას, რაც საჭიროა და უკან არ დავიხევთ, - ამბობს გიორგი შეწირული.

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს ორი დღის წინ დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

მსგავსი სიახლეები