აქცია-პერფორმანსი კაციტაძის უწყებასთან - მოქალაქეები მოძალადე სპეცრაზმელების და პოლიციელების დასჯას ითხოვენ
ამ წუთებში საპროტესტო აქციაა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. კოკა კაციტაძის უწყებას მოძალადე სპეცრაზმელების, პოლიციელების და ე.წ ტიტუშკების დასჯას სთხოვენ. "წამება დანაშაულია!" - სკანდირებენ შეკრებილები. სახელმწიფო უწყებასთან აქციის მონაწილეებმა მიიტანეს ნაცემი ადამიანის ფიტული იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეჟიმი მომიტინგეებს ჯალათის წესებით უსწორდება.
ასობით ადამიანია უკვე ძვლებში დამტვრეული, ნაცემი, ამის უამრავი მტკიცებულებაა პირდაპირ ეთერში გადაღებული და არცერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული. ამ უწყებას ვეუბნები, დანაშაული მარტო ის არ არის, რომ ვიღაც ამ დანაშაულს სჩადის, იმ უწყებებს, რომელსაც პირდაპირ ევალება და თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ და არ იწყებენ გამოძიებას, არ აძლევენ პასუხისგებაში ამ დამნაშავეებს, თვითონაც არიან ამ დანაშაულის თანამონაწილენი, - ამბობს არასამთავრბოს ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი.
ადვოკატი გოგა ხატიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს პატარა გადაცდომასაც არ პატიობს, ხოლო მოძალადე პოლიციელებზე არ რეაგირებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს მინიმალურ გადაცდომებსაც კი არ პატიობს და მაშინვე ახდენს რეაგირებას მაშინ, როცა სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე დუმს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს სწორედ ამაზე პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ როდესაც, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურად იწყებს გამოძიებას, ის ვერ მიდის ლოგიკურ შედეგებამდე, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.