სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომელსაც ჰყავს ერთადერთი დამკვეთი, ივანიშვილის რეჟიმი - ნოდარ მელაძე "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

09.12.24 17:35
სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომელსაც ჰყავს ერთადერთი დამკვეთი, ივანიშვილის რეჟიმი - ნოდარ მელაძე "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

 

 

“ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისა და მონახულებისთვის მადლობას უხდის.

დიდი მადლობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, რომლებმაც გამოხატეს ასეთი მნიშვნელოვანი სოლიდარობა გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდის მიმართ და მოინახულეს მაკა და გიორგი. ეს ნიშნავს მათი მხრიდან მნიშვნელოვან სოლიდარობას. მათ აღნიშნეს, რომ არ უნდა დარჩეს ჟურნალისტების მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორება მოძალადეების მხრიდან და გულგრილობა, რომელსაც იჩენენ საქმეების გამოძიების მიმართ, რეაგირების გარეშე, - განაცხადა მელაძემ.

ამასთან, “ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სპეციალური საგამოძიებო სამსახური უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმის, რომ ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულიდან  48 საათი გავიდა, კარლო კაციტაძის უწყებას ბრალდებული ჯერ კიდევ არ ჰყავთ.

იმის გამო, რომ საქართველოში ამ საქმეს რეაგირება არ აქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ კარლო კაციტაძის უწყებას, ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულიდან  48 საათის შემდეგაც არ ჰყავს ერთი ბრალდებული ამ საქმეზე, არადა დადასტურებულია კადრებით, რომ 7 ადამიანი ძალადობდა შეწირულზე და ჩიხლაძეზე, ხოლო 25 ადამიანი იყო იმ ჯგუფში, რომლებიც თავს ესხმოდნენ იმ დღეს აქციის სხვა მონაწილეებსაც. ეს ნიშნავს, რომ არის სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომელსაც ჰყავს ერთადერთი დამკვეთი, ივანიშვილის რეჟიმი და ამ დამკვეთის ხელის ბიჭები და შემსრულებლები, რომლებსაც ჰქვიათ მინისტრები და სხვადასხვა თანამდებობის პირები. 

უტყუარია და ცხადად ჩანს, რომ ამ რაზმს ჰყავდა მეთაური, რომლის მოქმედებები აჩენს განცდას, რომ ის არის სპეცმომზადების ადამიანი და მათ შორის ასევე ის პირი, რომელიც ნიღბით ესხმის თავს მაკა ჩიხლაძეს“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. 

საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

 

მსგავსი სიახლეები