"მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლს... უდანაშაულო, მანქანაში მჯდომი გალახა" - მოქალაქე
მოქალაქე, მარიამ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "მილიციამ მისი ტაქსის მძღოლს სცემა" - მისივე ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და "ორჯერ ჩაარტყა".
მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლი. მე და ჩემი და ვიყავით გუშინ, სახლში ვბრუნდებოდით. ტაქსიმ უჩვეულოდ დააგვიანა. რომ მოვიდა, მოგვიბოდიშა, ეს რა სჭირს ამ ხალხსო, სულ გაგიჟდა პოლიციაო. ყოფილი პოლკოვნიკი ვარო, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსიო. დეტალებში აღარ შევალ. იმიტომ დამაგვიანდა, რომ გზა გადაკეტილი ჰქონდათ ბარათაშვილის ხიდთან და რომ ვუთხარი გამოძახებაზე მოვდიოდი, ჩამარტყესო. ორჯერ. ჩამარტყესო, ხალხნო. ხეიბარი ვარ, ვერ დავდივარ და ვერ გადავედი, თორემ გავლახავდიო. კარი რომ გავაღე, მომიჯახუნესო. ნაომარი ვარ, ქვეყანას შევწირე წლებიო. ესენი ვინ არიან, სახელი არ ჰქვიათო. მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლს. უდანაშაულო, ხეიბარი, მანქანაში მჯდომი ტაქსის მძღოლი გალახა მილიციამ. ნეტავ ამ ამბებს ვიგონებდე. მამის სულს ვფიცავ, სიმართლეს ვყვები", - წერს მარიამ კობახიძე.