აშშ-ის საელჩო "ტვ პირველის" ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

09.12.24 19:18
აშშ-ის საელჩო "ტვ პირველის" ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას საქართველოში ამერიკის საელჩო გმობს

დიპლომატიური უწყება იტყობინება, რომ "ქართული ოცნების" გაუმართლებელი თავდასხმების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების დასაწესებლად ემზადება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, ან ხელშემწყობები არიან. 

დღეს ელჩმა დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „ტვ პირველის" გუნდის წევრები მოინახულეს. ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე.

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე". - წერია განცხადებაში. 

7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. 

საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები