კოტე ჩახუნაშვილი დიღმის იზოლატორში იმყოფება - პედიატრს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან

09.12.24 22:49
კოტე ჩახუნაშვილი დიღმის იზოლატორში იმყოფება - პედიატრს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან

დაკავებული პედიატრი, კოტე ჩახუნაშვილი დიღმის წინასწარი მოთავსების მე-3 იზოლატორში იმყოფება და მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

როგორც ექიმის მეუღლემ, ეკა კვირკველიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, პედიატრი საკუთარი ავტომობილიდან ჯერ კიდევ ორი საათის წინ აიყვანეს და ამ დრომდე ოჯახის წევრებს დაკავებულის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდეს. 

ეკა კვირკველიას შეფასებით, კოტე ჩახუნაშვილისთვის ხელბორკილების დადება რუსული რეპრესიების გაგრძელებაა, რაც ექიმის გადაწყვეტილებას, კრიმინალურ პოლიციაში მოწმედ გამოკითხვაზე უარის თქმას უკავშირდება. 

ორი საათი ვეძებდით. გავიდა სახლიდან, ნუცუბიძის მე-3 პლატოდან აქციაზე, რომ თავის მეგობრებს შეხვედროდა გიმნაზიის წინ. მისი სახლიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ, ურეკავდნენ მეგობრები და რახან არ იღებდა, მე დამირეკეს. არც მე მპასუხობდა. შემდეგ მარშრუტზე გავედით და ვიპოვეთ მიტოვებული მანქანა. დავრეკეთ პოლიციაში, ყველაფერი ავაწრიალეთ.

საბოლო ჯამში აღმოჩნდა, რომ გუშინ ვინც დაადგა კოტეს თავზე და მოწმედ იბარებდნენ, გვითხრეს, რომ თავად არ დაუკავებიათ კოტე, თუმცა შემდეგ ოჯახის წევრებს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ არის დიღომში, მე-3 იზოლატორში, 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს ადამიანის გატაცებაა, რადგან ორი საათი არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა და პოლიციაშიც რომ დავრეკეთ, დიდი რეაგირება არ მოყოლია", - ამბობს მეუღლე. 

ცნობისთვის, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გაიტაცეს - ექიმი საპროტესტო აქციაზე ავტომობილით მიდიოდა, თუმცა მისი მანქანა ოჯახის წევრებმა ნუცუბიძის ქუჩაზე მიტოვებული იპოვეს. 

შეგახსენებთ, ის გამოკითხვაზე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, რის შესახებაც "პირველებს" დღეს დილით უყვებოდა. ამის შემდეგ, მან დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები