"48 საათზე მეტია გასული და ჩემი ტანსაცმელი დღეს წაიღეს... გამოძიების იმედი არ მაქვს" - გიორგი შეწირული

10.12.24 00:28
"48 საათზე მეტია გასული და ჩემი ტანსაცმელი დღეს წაიღეს... გამოძიების იმედი არ მაქვს" - გიორგი შეწირული

ე.წ. ტიტუშკების მიერ სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი, გიორგი შეწირული გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და "ტვ პირველის" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ოპერატორის განცხადებით, მასზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ 48 საათზე მეტი გავიდა, თუმცა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით მისი ტანსაცმელი მხოლოდ დღეს წაიღეს. 

ტკივილები მაქვს, ეს დროებითია. მალე დავდგები ფეხზე და შევუდგები ჩემს საქმიანობას, უფრო ორმაგად, ვიდრე ადრე. როდესაც ჩვენ ვაშუქებთ ძალადობას ხალხის მიმართ, უმოწყალოდ ცემას, არაერთი კადრი მაქვს გადაღებული მაგ ადამიანების. მე ვფიქრობ, რომ სამიზნე მაგიტომ გავხდით მე და მაკა, რომ იცოდნენ ვინ ვიყავით. მარტივად ამოსაცნობი ვიყავით. ძალიან მარტივია ის მიზეზი, თუ რატომ გამისწორდნენ და გაგვიმეტეს ესე ძალიან. 

48 საათზე მეტია გასული და ჩემი ტანსაცმელი დღეს წაიღეს შუადღით. ჩვენ ვიცით, ჟურნალისტების მიმართ, ოპერატორების მიმართ რამდენჯერმე მომხდარა ძალადობა და მხოლოდ არის ფორმალური გამოძიება, შედეგი არასდროს არ ყოფილა. ჩემს მიმართაც ასეა, მე დაზარალებულის სტატუსი მაქვს. ორი დღით ადრე ინციდენტამდე ვიყავი გამოკითხვაზე, სპეცრაზმელმა რომ ჩამარტყა კეფაში. იმედი არ მაქვს ამ გამოძიების, რადგან ბევრი მიზეზი მაქვს ამისი. ხელისუფლებასთან, რომ არ იყვნენ ეს ადამიანები დაკავშირებული, ეს ძალადობაც არ მოხდებოდა'', - ამბობს გიორგი შეწირული.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები