ქედს ვიხრი ჯანსაღი, გულანთებული და მართალი ახალგაზრდების წინაშე - მალხაზ აბულაძე
ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი, გულანთებული, მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, - ცნობილი მსახიობი მალხაზ აბულაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ხელოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომუნისტური იდეოლოგია რუსეთში და დაიბადა და მათთვის არის შექმნილი, ხოლო თავისუფლება, რომლისკენაც ახალგაზრდები იღწვიან, რჩეულთა ხვედრია.
როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე, მთელი ჩემი არსით, ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით, ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი, გულანთებული, მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც აღასრულეს უკვე თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები. მათი უკვდავება განამტკიცეს. მე არ შემიძლია ვინმეს მოვუწოდო, ამის არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველას, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ.
კომუნისტური იდეოლოგია დაიბადა რუსეთში და მათთვისაა შექმნილი. თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლის თავზე აღებაც ყველას არ უნდა. ურჩევნიათ ბრძანებები შეასრულონ. ასე უფრო მარტივია. მხოლოდ ჭამა-სმა და........... თავისუფლება რჩეულების ხვედრია, - წერს მალხაზ აბულაძე.