ცნობილი პედიატრის გატაცება - "პირველებმა" კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკავების დეტალები გაარკვია

10.12.24 11:21
ცნობილი პედიატრის გატაცება - "პირველებმა" კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკავების დეტალები გაარკვია

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი, რომელიც გუშინ ნუცუბიძის ქუჩიდან, საკუთარი ავტომობილიდან აიყვანეს, სასამართლო პროცესის ჩანიშვნას დიღმის იზოლატორში ელოდება. 

"პირველებმა" ცნობილი პედიატრის აყვანის დეტალები გაარკვია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონსტანტინე ჩახუნაშვილი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ალკოტესტზე შემოწმების მოტივით გააჩერა. მათი თქმით, საპატრულოს კრიმინალური პოლიციის მანქანა მოჰყვა და სწორედ ამ დროს მოხდა მისი აყვანა. 

ორი დღის წინ გავრცელდა ვიდეო, ჩვენც გავავრცელეთ, რომ სახლში იყვნენ ჩენთან მოსულები. ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, მაგ დღესვე უნდოდათ წაყვანა, უბრალოდ, ბევრნი რომ დავხვდით, ვეღარ გაბედეს დიდი ალბათობით. სავარაუდოდ, სახლიდან აედევნენ და ყველაზე ისეთი ადგილი შეარჩიეს, სადაც ნაკლებად იყო კამერები, იმიტომ, რომ ჩვენ ვუყურებდით და ვერანაირი კამერა იქ ვერ აღმოვაჩინეთ. გაუჩერებია პატრულს, ვითომ ალკოტესტზე შესამოწმებლად. ამ პატრულთან ერთად მოდიოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც და როდესაც პატრულმა გააჩერა, უცბად მოაყენეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმაც მანქანა და დააკვეს. ადვოკატი როდესაც იყო შესული, გვითხრა, რომ როდესაც კოტესთან ვიყავი შეხვედრაზეო, მაგ დროს მოვიდა ორი ადამიანი, სავარაუდოდ, იმავე უწყებიდან, რომელიც ორი დღის წინ კოტეს ამ დოკუმენტს გადასცემდა და იქვე უნდოდათ მისი დაკითხვა. ალბათ იფიქრეს, ბარემ აქვე მოვამთავრებთო, მაგრამ ადვოკატმა და კოტემ განაცხადეს უარი და მოსამართლის გარეშე არ დავიკითხებით, - ამბობს ჩახუნაშვილის ძმა.  

ოჯახი პირდაპირ ამბობს, რომ ჩახუნაშვილი პოლიციამ, ფაქტობრივად, გაიტაცა, რადგან მისი დაკავების შესახებ გვიან შეატყობინეს.  

ვიპოვეთ მიტოვებული მანქანა ჩაკეტილი და ვკითხეთ გამვლელებს. გვითხრეს, რომ დაახლოებით 10 წუთი აქ იდგა ეს მანქანა. ვეძებდით კამერებს, დავრეკეთ პოლიციაში და ყველა ავაწრიალეთ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არის დიღომში, მესამე იზოლატორში დაკავებული. ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის გატაცება, იმიტომ, რომ ჩვენ დაახლოებით 2 საათი არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა და პოლიციაშიც რომ დავრეკეთ, დიდი რეაგირება არ მოჰყოლია. გუშინ რადგან არ მოუწერა ხელი მოწმედ გაყოლაზე და გამოცხადებაზე და ის შეუთანხმდა ამ სამ ადამიანს, რომ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მისცემდა ჩვენებას ადვოკატთან ერთად, ამის მერე ცუდი განწყობები გვქონდა, მე როგორც მეუღლეს და მის ოჯახის წევრებს, რომ მასზე უფრო გაძლიერდებოდა ეს რეპრესიები. იქნება ეს ჩასაფრება, მისი ცემა, დაკავება თუ ა.შ., - ამბობს ჩახუნაშვილის მეუღლე ეკა კვირკველია.  

მეგობრები და ახლობლები აქციების მონაწილე ექიმს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 

 კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილის კუთვნილი ავტომობილი - შევროლე ვოლტი საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის N69-სთან იპოვეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ  ჩახუნაშვილი პოლიციელებმა დააკავეს. გომალაურის უწყება ცნობილ ექიმს  პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“  ედავება.

პედიატრი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

 

მსგავსი სიახლეები