გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

10.12.24 12:45
გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

ბრალდების მხარის თქმით, ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი "ალფა პევეპე". მისივე განმარტებით, თუ რა მიზნით ესაჭიროებოდა მას ეს ნივთიერება, სად და რა ვითარებაში შეიძინა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

პროკურორი დაკავებულის წარსულზეც საუბრობდა. კერძოდ, მისივე ინფორმაციით, ახობაძე ნარკოდანაშაულზე წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული - მათ შორის, 2013 წელს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ასევე, 2018 წელს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, 2019 წელს უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში ვიდეომტკიცებულება არ არსებობს.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ადგილზე მყოფ პოლიციელებს ტექნიკური რესურსი არ ჰქონდათ და ნივთმტკიცების ამოღება ვერ გადაიღეს, დამაჯერებელი არ არის.

ექიმი, რომელიც "ოცნების" პოლიტიკას და ანტიდასავლურ კურსს ღიად აპროტესტესტება საჯარო პოსტებით და აქციაზე დგომით, საკანში უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

მან დღეს დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა „სპექტაკლის“ სახით მისი დაკავება და ნარკოტიკის „ჩადება”.

როგორც მან აღნიშნა, ნარკოტიკების პრობლემა დაამარცხა და წარსულში დატოვა. მისივე განმარტებით, ამ პრობლემიდან გამომდინარე, მისი დაკავება ამ ბრალდებით საზოგადოებისთვის მარტივად დასაჯერებელი იქნებოდა.

როგორც ახობაძემ აღნიშნა, ის მისი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობების გამო გაფრთხილებული იყო, რომ შეიძლებოდა, მსგავსი რამ დამართოდა.

ამასთან, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მას ბიოლოგიური მასალა უკანონოდ აუღეს.

ახობაძის თქმით, „პოლიციელებს რომ [ნარკოტიკი] არ ჩაედოთ ჯიბეში, ახლა დედამისთან სახლში იქნებოდა.

მან დედის ჯანმრთელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ დედას ინსულტი აქვს გადატანილი, რის შემდეგაც, მას მეტყველების უნარი აქვს დაკარგული, ვერ გადაადგილდება, მწოლიარე მდგომარეობაშია და მისი მოვლისა და მზრუნველობის პასუხისმგებლობა მას აქვს.

გიორგი ახობაძე მოსამართლეს მთელი პროცესისი განმავლობაში ეუბნებოდა, რომ შეეძლო იმ მომენტშიც გაეკეთებინა ტესტი, რაც დაამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება გაკეთებული არ აქვს, თუმცა ლელა მარიდაშვილმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მოსამართლე სათათბიროადაც არ გასულა.

ადვოკატები განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი გიორგი ახობაძე 2 დღის ძალის გამოყენებით დააკავეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მას დაკავების პროცესში ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ექიმს ნარკოტიკული საშუაალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

ახობაძეს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები