კონსტანტინე ჩახუნაშვილს პოლიცია ერთ-ერთ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდა - ადვოკატი

10.12.24 13:27
კონსტანტინე ჩახუნაშვილს პოლიცია ერთ-ერთ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდა - ადვოკატი

პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს პოლიცია ერთ-ერთ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდა. ინფორმაციას "პირველებს" დაკავებული მედიკოსის ადვოკატი აწვდის. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გუშინ, როდესაც ჩახუნაშვილთან იზოლატორში შევიდა, მათთან კრიმინალური პოლიციის ის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე მედიკოსის სახლში იმყოფებოდნენ და ოქმის ჩაბარებას სთხოვდნენ. მაშინ ჩახუნაშვილმა გამოკითხვაზე თანხმობა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით განაცხადა. 

როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ, იმიტომ, რომ სახლიდან რომ გამოვიდა,  მალევე, ახლოსვე გააჩერა პოლიციამ და უთხრეს, რომ პოლიციას რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ უწევ წინააღმდეგობას და დააკვეს. არადა, ჩვეულებრივად სახლიდან მიდიოდა აქციაზე რა დროსაც, ცხადია, არაფერი დაურღვევია. მე როდესაც შევედი მის მოსანახულებლად მოულოდნელად შემოვიდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი და მათ განგვიცხადეს, რომ უნდოდათ ჩვენების აღება. შემთხვევით გაიგეს თითქოს, რომ დაკავებული იყო და უნდოდათ მოწმის სახით მისი გამოკითხვა, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩემთან კონსულტაციის შემდეგ კონსტანტინემ უთხრა უარი და უთხრა, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე შეეძლო ჩვენების მიცემა. ედავებიან 173 მუხლის დარღვევას, თითქოს მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია ან შეაგინა, მაგრამ ეს როდის გააკეთა ან რა იგულისხმება ამაში, ეგ არც კი განუმარტავთ. დააკავეს ისე, რომ არც მისცეს უფლება, შეეტყობინებინა ადვოკატისთვის ან ახლობლისთვის, რომ მანქანა მაინც წაეყვანათ, - ამბობს ადვოკატი.

რატომ ჩქარობენ კონსტანტინე ჩახუნაშვილის გამოკითხვას, ამაზე პასუხი არც ოჯახს და არც მის უფლებადამცველს აქვს.  

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილის კუთვნილი ავტომობილი - შევროლე ვოლტი გუშინ საღამოს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის N69-სთან იპოვეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ  ჩახუნაშვილი პოლიციელებმა დააკავეს. გომალაურის უწყება ცნობილ ექიმს  პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“  ედავება.

პედიატრი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები