"ტვ პირველის" იურისტი მაკა ჩიხლაძისთვის და გიორგი შეწირულისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - არხის იურისტი და მედიაომბუდსმენი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვას ამზადებენ. მთავარი მოთხოვნა "ტვ პირველის" ჟურნალისტისთვის და ოპერატორისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაა. ეს გარემოება იურისტებს მისცემს შესაძლებლობას, საქმის მასალებს გაეცნონ და რეალურად გაიგონ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა კაციტაძის უწყებამ.
ის ფაქტი, რომ ამ დრომდე მაკა ჩიხლაძისთვის და გიორგი შეწირულისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, იურისტებს უჩენს განცდას, რომ გამოძიება მხოლოდ ფორმალურია. "ტვ პირველის" იურისტი მოითხოვს, საქმე ცალკე გამოყონ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ. ასევე მოთხოვნაა, საქმეზე დამატებითი კვალიფიკაცია მოხდეს, რაც განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით, რაც, რეალურად, არ გულისხმობს იმ შედეგს, რაც დადგა. ჯანმრთელობის განზრახ მიყენებული ზიანი არ არის გამოხატული და ასევე დევნა პროფესიული ნიშნით, რომელიც ამ საქმეში აშკარად ჩანს. ასევე, კამერებია ამოსაღები არა მხოლოდ ერთ და ორ ქუჩაზე, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველგან, სადაც ეს ადამიანები გადაადგილდებოდნენ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საგამოძიებო ორგანომ ის მატერიალური ზიანი, რომელიც ჩვენ მოგვადგა. როგორც იცით, კამერა და მისი დამხმარე მოწყობილობები წაგვართვეს, რომელიც დაახლოებით არის 20 ათას ლარამდე, - ამბობს იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი.
საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 154 მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული მუხლი ძალადობას არ გულისხმობს, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა.
გამოძიება დაწყებულია 154 მუხლით. ეს გახლავთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. ეს მუხლი არ ასახავს ამ ძალადობას რაც ჩვენ ვიხილეთ ეკრანზე. არა მარტო ამ ძალადობას, საერთოდაც ძალადობას არ გულისხმობს ეს მუხლი. ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ამას, ორგანიზებული დანაშაული. თქვენს ჟურნალისტზე თავდასხმის ეპიზოდში წამების კვალიფიკაციაც უნდა დაემატოს. ეს რატომ არის გზავნილი ამ ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რომ ძალიანაც არ შეაშინონ, რა იცი და პროცესები როგორ განვითარდება. იქნებ და საჭირო გახდეს ვინმეს საჩვენებლად პასუხისგებაში მიცემა, - ამბობს იურიდიული ფირმის „ბიზნესის იურიდიული ბიუროს“ უფროსი პარტნიორი.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.