ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას OC Media-ს ჟურნალისტი აძლევს. მარიამ ნიკურაძე ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს.
მარიამ ნიკურაძე, რომელიც უცხოურ მედიებთანაც თანამშრომლობს, ამბობს, რომ ის რეპრესიები, რომელიც შსს-მ მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყო, ახლა ჟურნალისტებზეც ვრცელდება.
დაბარებული ვარ 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239 (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიებაზე, რომელიც არის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობა ან ორგანიზება, ან საჯაროდ მოწოდება ჯგუფური ძალადობისკენ. როგორც ვიცი, ჟურნალისტიო მარტო მე ვარ ამ საქმეში. რაღაცა სია გავრცელდა იმ ადამიანების, რომელთა დაკავებაც ჰქონდა, სავარაუდოდ, პოლიციას დავალებული. ამ სიაში ვიყავი მეც. ამ სიიდან 12-13 ადამიანია მგონი დაკავებული სისხლის სამართლის ბრალდებით. სანამ დამიბარებდნენ მოწმის სახით, მანამდე მქონდა მოლოდინი, რომ საერთოდ შეიძლება დავეკავებინე. ჯერჯერობით კარგად ვუყურებ ამ ამბავს, იმიტომ, რომ მგონია, სახლში არავინ შემომივარდება. საერთაშორისო საზოგადოება ადევნებს თვალყურს ჩემს ტელეფონს, ასევე OS მედიას და მე პირადად. მე მგონია, რომ ეს არის რაღაც, რაც აღიზიანებთ და უნდათ, შემაშინონ, - ამბობს ნიკურაძე.
პარალელურად, სასამართლო დარბაზებში სხვა აქტივისტების პროცესებიც მიმდინარეობს. დერეფნებში ასევე დგანან ადვოკატები, რომლებიც ელოდებიან, როდის ჩაინიშნება მათი დაცვის ქვეშ მყოფების პროცესები. იქვე არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებმაც აქტივისტების წინააღდმდეგ ჩვენებები უნდა მისცენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ მიუხედავად მათ ხელთ არსებული მტკიცებულებებისა, მოსამართლეები აღნიშნულით არ ინტერესდებიან და მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებსბ იზიარებენ.