მე ნიკუშას პოლიტპატიმრად ვთვლი - ლაშა კაცია ამბობს, რომ ქვეყნის გადასარჩენად ემიგრაციიდან ბრუნდება
დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია ამბობს, რომ მისი ძმის დაკავება შიშის დანერგვას ემსახურება და მიიჩნევს, რომ ნიკშ პაცია პოლიტპატიმარია.
ლაშა კაცია აცხადებს, რომ ემიგრაციაში 4 წლის წინ სწორედ იმიტომ წავიდა, რომ “ამ უსამართლო სისტემაში სამართალი ვერ იპოვა“, თუმცა სანაცვლოდ მიიღო ის, რომ “ ამ უსამართლობამ მისი ოჯახის წევრებამდეც მიაღწია.“
“ამათ უნდა დანერგონ შიში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდება“, - თქვა კაციამ გადაცემა “რეაქციაში“.
მეოთხე წელია ემიგრაციაში ვარ და იმიტომ წავედი, რომ ამ უსამართლო სისტემაში სამართალი ვერ ვიპოვე, სანაცვლოდ მივიღე ის, რომ ამ უსამართლობამ ჩემი ოჯახის წევრებამდეც მიაღწია. ამათ უნდა დანერგონ შიში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდება და გამოცოცხლდება და ორმაგი მოტივაცია ექნებათ, რომ იბრძოლონ.
მე ნიკუშას პოლიტპატიმრად ვთვლი, გასაღები, რომელიც ნიკუშას წაართვეს, კარის გასაღებად, ვერ გამოიყენეს, კარი ვერ გახსნეს, ესენი იჭერენ ნარკობარონს-ნიკუშს კაციას, რომელსაც ჯიბეში აქვს 14 გრამი კოკაინი, ხომ სისულელეა, ამათმა რა საქმე უნდა გახსნან, კარი ვერ გაუღიათ.
ჩემთვის ეს არის სრულიად ლოგიკური, რადგან ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა, ნახეს რომ ხალხს სპეცრაზმის, ტიტუშკების და დაკავებების არ ეშინიათ, 9 დღეში გამოდიან ციხიდან და ისევ აქციებზე დგებიან. იპოვეს გზა, რომ მოუგონონ რაღაცები, გაზარდონ მსჯავრი, ზოგს იარაღს, ზოგს წამალს ჩაუდებენ, რომ მეტი დრო გაატარონ ციხეში და ამით გაზარდონ შიში“, - განაცხადა კაციამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმის, რომ საქართველოში დაბრუნებას აღარასდროს აპირებდა, ახლა ბრუნდება და აპირებს იბრძოლოს უკეთესი საქართველოსთვის.
მე ისე წავედი საქართველოდან, აღარ მეგონა თუ დავბრუნდებოდი, მაგრამ ნიკუშას ამბის შემდეგ ვბრუნდები, ვბრუნდები საბრძოლველად და აეროპორტში თუ დამაკავეს, ერთადერთი, რაც ჩემს ბარგში იდება, იქნება ქართული და ევროპული დროშა. მოვდივარ საბრძოლველად ჩემი ძმისთვის, მშობლებისთვის, ახალგაზრდებისთვის და უკეთესი საქართველოსთვის. აუცილებლად გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. გუშინ მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.