"გამოსავალი ახალი არჩევნებია" - ბიზნესი ივანიშვილის წინააღმდეგ

11.12.24 13:28
"გამოსავალი ახალი არჩევნებია" - ბიზნესი ივანიშვილის წინააღმდეგ

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ეკონომიკური კრიზისის საფრთხეზეც ალაპარაკდნენ. ბიზნესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკა ჩვამოიშლება.

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე განმარტავს, რომ ბიზნესი მყარ და გარანტირებულ გარემოს საჭიროებს, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უკვე აღარ არსებობს.

ეკონომიკის ჩამოქცევა ისედაც შეცვლის ამ ყველაფერს, რაც ალბათ ყველა მოქალაქეს საკმაოდ ძვირი დაუჯდება, - ამბობს ხაზარაძე.

მიტაცებაა ძალაუფლების. შენ თუ იაზრებ ამ ყველაფერს, მაშინ გამოსავალი მხოლოდ არჩევნებია. სასამართლო არ არსებობს, არც სხვა ინსტიტუციები არ არსებობს. ჩამოშლილია ყველაფერი და ბიზნესს სჭირდება მყარი, გარანტირებული, თავისუფალი გარემო. სანამ ეს არ იქნება, ეკონომიკა არ განვითარდება. ჩვენ თუ გვინდა, რომ სწრაფად შევცვალოთ, მაშინ შეიძლება, რომ ეკონომიკა გადავარჩინოთ, თუ არადა, ეკონომიკის ჩამოქცევა ისედაც შეცვლის ამ ყველაფერს, რაც ალბათ ყველა მოქალაქეს საკმაოდ ძვირი დაუჯდება, - ამბობს კახა ხაზარაძე.

„კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში სამართლიანი ინსტიტუციები აღარ არსებობს, რაც მისი თქმით, საგანგაშოა. 

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი, ეს საღი აზრი, ევროპული წესების დამკვიდრება, სამართლიანობა, სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი პოლიცია, სამართლიანი სისტემები, სამართლიანი და არა ერთპიროვნული მმართველობა. პირველი საუკუნე ხომ არ არის?, - ამბობს ჭყონია 

რესტორატორი, შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია ამბობს, რომ ის აგრესიული მეთოდები, რომლითაც მთავრობა ხალხს ებრძვის მიუღებელი და სუფთად რუსულია. 

როგორ შეიძლება, მთავრობა მუდმივად, პერმანენტულად ხალხს ებრძოდეს? აბსურდია. მითუმეტეს, ნებისმიერ ქვეყანაში ეგეთი მეთოდები ხალხთან გამკლავების არის მარტო ნიშანი აქტიური რუსული ზემოქმედების. ნანახი გვაქვს ჩვენ ყველა ქვეყანაში, სადაც რუსეთს ჰქონია ზემოქმედება. რაც არ უნდა აგრესიულად იყოს ჩვენი მთავრობა განწყობილი ხალხის მიმართ, ეს აქციები არის მშვიდობიანი სრულიად, - ამბობს ლუკა ნაჭყებია.  

მსგავსი სიახლეები