არ ჩაერთონ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში, არ ჩაჰყვეთ ივანიშვილს უფსკრულში - გიგაური სამართალდამცავ ორგანოებს და მოსამართლეებს
არ ჩაერთონ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში, არ ჩაჰყვეთ ივანიშვილს უფსკრულში - ასე მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებს და მოსამართლეებს
ეკა გიგაურმა სხვა არასამთავრობო სექტორთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში ნათლად ჩანს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ტენდენცია და გიგაურის თქმით, ამის დასტურია ის რეპრესიები, რომელიც ივანივილმა ქართველ ხალხის წინააღმდეგ მოაწყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორის თქმით, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ ადამიანთა სახელები და გვარები, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებში არიან ჩართულები.
„ზუსტადაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების მიზანიც იყო ეს, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტდა ქართველი ხალხის რეპრესიებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მას ჰყოლოდა ყველა ინსტიტუტი, რომელიც მოემსახურებოდა და მის დავალებებს და ბრძანებებს შეასრულებდა. ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, აქვე ვახსენოთ ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში ყველა საჯარო მოხელე ამ პოზიციას არ იზიარებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 2 000-ზე მეტმა ადამიანმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ამ საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, განსაკუთრებით სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს და სასამართლოში მყოფ მოსამართლეებს, არ ჩაერთონ ამ ძალადობაში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არ ჩაჰყვნენ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს უფსკრულში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი ემსახურებიან, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობას და ქართველ ხალხს, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მათ იცოდნენ. დაკავებულების მხრიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როდესაც ისინი არიან დაკავებულები მათთან მიდიან კონკრეტული პოლიციელები და ეუბნებიან, რომ ისინი ამას ემიჯნებიან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შიგნითაც არიან წესიერი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ჩართულები არ იყვნენ. ეს ხდება, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში“ - განაცხადა გიგაურმა და აღნიშნულ პირებს, მოუწოდა, რომ უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ.