"სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს" - ექიმების პროტესტი ბათუმში
პროტესტის მე-14 დღე საქართველოში - დედაქალაქის გარდა, ევროპული მომავლის მცველები ბათუმის ქუჩებშიც გამოვიდნენ.
ევროპის მოედანზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც ორი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს. ექიმები უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მედიკოსებმა ევროპის მოედანზე ბანერიც გაშალეს შინაარსით - "სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს".
მე ვარ ის თაობა, რომელიც შეესწრო 9 აპრილს. ნამდვილად ვერ წარმომედგინა, თუ დღეს კიდევ მოგვიწევდა ბრძოლა. მე გაოგნებული ვარ იმ ძალადობით, სადისტური და მანიაკალური ქმედებით, რასაც დღეს ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება ახალგაზრდების წინააღმდეგ ახორციელებს. ვემიჯნები და ვეწინააღმდეგები კატეგორიულად იმას, რაც საქართველოში ხდება", - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".