მტკივნეულია, როდესაც შენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ასეთ დროს ყელს გჭრის და პრობლემას გიქმნის - გაბუნია
"მტკივნეულია, როდესაც შენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ასეთ დროს ყელს გჭრის და პრობლემას გიქმნის" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გიორგი გაბუნიამ "ტვ პირველის" ეთერში იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც არხი დგას და თქვა, რომ "მთავარი არხის" დახურვა რეალურია - "ოქუაშვილი არ გვაწარმოებინებს არანაირ ფინანსურ ოპერაციას, ფინანსების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია დიდხანს არსებობა".
ვინც მედიაში ვმუშაობთ, ჩვენთვის უპირველესი არის რაც ხდება ქუჩაში, რაც ხდება ხალხის თავს და ჩვენ ამისთვის ვარსებობთ და ამისთვის შეიქმნა საერთოდ ეს ტელევიზია, რომ გავაშუქოთ ეს. დასანანი და ყველაზე მტკივნეული, რა თქმა უნდა, არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და ''ქართული ოცნება'' უშუალოდ გიქმნის პრობლემას. ეს არ გვიკვირს ჩვენ ''რუსთავი 2''-დან მოყოლებული, მაგრამ როდესაც ამაში ჩაერთვება შენი ერთ-ერთი დამფუძნებელი და როდესაც ყელს გჭრის შინაური, თან ესეთ დროს, ეს არის განსაკუთრებით მტკივნეული, თუმცა არა გასაკვირი.
მე დღესაც ვთქვი, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის თამაშია. ოქუაშვილმა რუსული მხარის დაჭერა გადაწყვიტა. გვემუქრება არხის დახურვა იმიტომ, რომ რეალურად ზაზა ოქუაშვილმა გაგვიჩერა ყველა ოპერაციის წარმოების საშუალება. ის არ გვაფორმებინებს ახალ კონტრაქტებს, რაც აუცილებელია ტელევიზიისთვის. ის არ გვაწარმოებინებს არანაირ ფინანსურ ოპერაციას, ფინანსების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია დიდხანს არსებობა", - ამბობს გიორგი გაბუნია.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა ჩაერთოს "ოცნებისგან" წამოწყებულ ძალადობაში და დახუროს "მთავარი არხი"".