საერთაშორისო პარტნიორებს ცალსახად ესმით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელია მხოლოდ ივანიშვილი - გიგიაძე
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან ზუსტად აღიქვამენ იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ვითარდება და ყველაფერს ძალიან სწორედ არქმევენ საკუთარ სახელს.
გიგიაძის თქმით, მათ აქვთ ძალიან ზუსტი აღქმა იმისა, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე.
გიგიაძემ აღნიშნა, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაცია არც სამომავლოდაა მოსალოდნელი.
ვაგრძელებთ ძალიან ახლო მუშაობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და გვინდა მოგახსენოთ, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. 28 ნოემბრიდან დღემდე, საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების თუ კერძო პირების მხრიდან გაკეთდა ქართველი ხალხის მხარდამჭერი 40-ზე მეტი განცხადება. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში კარგად ესმით და კარგად არიან ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რასაც ადგილი აქვს დღეს საქართველოში. ისინი ცალსახად მხარს უჭერენ ქართველ ხალხს. ისინი აპროტესტებენ იმ კანონდარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში მანძილზე საქართველოში
განცხადებებში ძირითადი აქცენტები კეთდება პრობლემურ არჩევნებზე, “ოცნების“ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებზე. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაკავებულების გათავისუფლებას და ადამიანების უფლებების უპირობო დაცვას მოითხოვენ.
ამერიკელი კონგრესმენები, როგორც რესპუბლიელები, ასევე დემოკრატები, ერთობლივ განცხადებაში უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს და მმართველი გუნდის განცხადება, თითქოს, ახალი ადამინისტრაცია ქართველ ხალხს მხარს არ დაუჭერს, ტყუილია.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები ძალიან დეტალურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - მათ ცალსახად ესმით, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებელია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ცხადია, რომ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია არც საშინაო და არც საგარეო ლეგიტიმაცია“ - განაცხადა გიგიაძემ.