“მან იცის, რომ შერჩეულია შეგნებულად, სამაგალითო დასჯისთვის“ - ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს ეკა ბესელია დაიცავს

12.12.24 15:37
“მან იცის, რომ შერჩეულია შეგნებულად, სამაგალითო დასჯისთვის“ - ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს ეკა ბესელია დაიცავს

სასამართლო პროცესის შემდეგ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ადვოკატებმა მოინახულეს - როგორც ცნობილი გახდა მის უფლებებს კიდევ ერთი ადვოკატი, ეკა ბესელია დაიცავს.

ეკა ბესელია ჭიჭინაძესთან ციხეში იმყოფებოდა და მისი საქმის შესახებ უფრო მეტი დეტალი თავად მსახიობისგან მოისმინა.

ბესელიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ “იბრძოლებს ბოლომდე და აუცილებლად გაიმარჯვებს“.

გასაოცარი მხნეობა აქვს, გასაოცარია მისი სიმყარე, გვთხოვა, გადაგვეცა ყველასთვის განსაკუთრებული მადლობა, მან იცის, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და შერჩეულია შეგნებულად, სამაგალითო დასჯისთვის. ამას უყურებს იმედიანად, მხნედ და მისი სათქმელი სწორედ ის სიტყვები იყო, რაც სასამართლო პროცესზე თქვა - “ბრძოლა გრძელდება და ეს აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა ბესელიამ.

კიდევ ერთი ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ჭიჭინაძე მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა დადასტურდეს მისი სიმართლე.

იცის, რომ ეს პროცესი, რომლის მთავარი ფიგურანტიც თვითონაა, არ არის მხოლოდ სამართლებრივი და ამას უკან აქვს უდიდესი პოლიტიკური წნეხი, მზად არის ითანაშმრომლოს გამოძიებასთან, რათა დადასტურდეს მისი სიმართლე. ვნახოთ, რას დაამაგრებს პროკურატურა დამატებითი მტკიცებულების სახით, თუმცა, თითოეული მათგანი, დაცვის მხარის მიერ იქნება გასაჩივრებული“, - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ელოდება, როდის მიიღებსს სააპელაციო სასამართლო მის საქმეს წარმოებაში. საუაბრია საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილებაზე, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები