EU-ს დელეგაციასთან საუბრის მთავარი თემა ახალი არჩევნები და ის სისასტიკე იქნება, რომლის გამკლავებაც ჟურნალისტებს უწევთ - უდუმაშვილი
ევროპარლამენტარებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ტვ პირველის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ EU-ს დელეგაციასთან იმ გეგმის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც ქვეყანას უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, მედიამენეჯერები ევროპარლამენტარებს იმ რეალობასაც გააცნობენ, რომლის თანახმადაც თითოეულ ჟურნალისტს ყოველ დღე სისასტიკესთან და ძალადობასთან გამკლავება უწევს.
ამ დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შესული და ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა ეს იქნება. ამასთან, საუბრის თემა იქნება ის სისასტიკე და ძალადობა, რომლის წინაშეც ჟურნალისტებს ყოველ დღე უწევთ გამკლავება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად არ დარჩა კრიტიკული მედია, რომლის წარმომადგენელიც არ იქნა ნაცემი, ან კიდევ უფრო მძიმედ ანგარიშსწორებული. შესაბამისად, დღეს არის მედია ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ოლიგარქის რეჟიმის და ბუნებრივია, ეს საკითხიც იქნება დღის წესრიგში", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ სპექტრთან და მესამე სექტორთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი ისინი მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
საღამოს 21:00 საათზე კი ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე გამოჩნდებიან და ქართველი ხალხის გვერდით, საპროტესტო აქციაზე დადგებიან.
დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
- რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი