ნადირობა ქუჩაში - ადვოკატები მიხეილ გაფრინდაშვილი და გუგა გუგუტიშვილი დააკავეს
რეჟიმმა უფლებადამცველების დაპატიმრებაც დაიწყო - დაკავებულები არიან მიხეილ გაფრინდაშვილი და გუგა გუგუტიშვილი.
ორივე მათგანს ხელბორკილი ქუჩაში დაადეს. გუგუტიშვილი იმ დროს აიყვანეს, როცა ტაქსით სახლში ბრუნდებოდა. მას პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას ედავებიან.
რაც შეეხება ასოცირებულ ადვოკატ მიხეილ გაფრინდაშვილს - მას სამეთვალყურეო კამერებისთვის ფარნების მინათებაში სდებენ ბრალს.
ადვოკატები იზოლატორიდან გადაყვანას და ბრალის წარდგენას ელოდებიან. როგორც ისინი უფლებადამცველს უყვებიან, მათი დაკავება აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა.
ორივე მათგანს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, 173-ე მუხლით. ერთ-ერთი მათგანი ტაქსიდან ჩამოიყვანეს, მეორე დაკავებული არის ლიცენზირებული ადვოკატი, რომელიც აქციიდან ბრუნდებოდა, ხელში ტელეფონი ეჭირა, მივარდნენ ნიღბიანები, ტელეფონი წაართვეს, ჩასვეს მანქანაში და სამმართველოში გადაიყვანეს. მას გაუფორმეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თითქოს, როდესაც პოლიციელები მივიდნენ, მათ მიაყენა შეურაცხყოფა, ეს არის ყოველგვარი კანონდარღვევა. ნიღბიანი, კრიმინალი პოლიციელები ეუბნებოდნენ, ჯობდა, ეღიარებინა აღნიშნული ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში 10-დღიან პატიმრობაში გაუშვებდნენ. თუმცა მან იცოდა კანონები და არაფერი უღიარებია“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.