საპროტესტო აქციაზე სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

13.12.24 15:42
საპროტესტო აქციაზე სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

საპროტესტო აქციაზე სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტახნის წინ გამოაცხადა. 

ავთანდილ ტიტვინაძის განმარტებით, მიუხედავად პოლიციისადმი დამორჩილებისა, ის ე.წ. რობოკოპების მხრიდან სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. დაჯარიმებულს ამჟამად ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და ღია ჭრილობები აღენიშნება. 

პოლიცია შემოვარდა გაუფრთხილებლად და მიგვაჭყლიტეს კედელზე. გაიხსნა კორდონი და გვითხრეს, რომ სახლში წავსულიყავით. მე გადავწყვიტე, რომ ეს მართალი იყო და მართლა სახლში მიშვებდნენ, როდესაც გადავკვეთე გზა, დამაგდეს ძირს. იმის მერე მირტყეს, მაგინეს, მაგრამ მაინც მეგონა, რომ სამართალი მაინც არსებობდა.

წავყევი დამორჩილებით, გავცდი პოლიციელს და უცბად, ვიღაც რობოკოპმა დუბინკა შემომცხო ცხვირში. დიდი რაოდენობით სისხლი წამომივიდა. ორი დღის განმავლობაში ვითხოვდი ექიმს. სისხლი 6 საათის განმავლობაში მდიოდა. იზოლატორის ექიმმა თითი გაატარა და მითხრა, რომ არაფერი არ მჭირდა. სასამართლოზე გავხდი ცუდად. ცხვირის ძვლები მაქვს გატეხილი, ტვინის შერყევა და ღია ჭრილობა, სადაც 7 ნაკერი მადევს", - ამბობს ავთანდილ ტიტვინაძე.

ცნობისთვის, ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები