"ქვეყანაში, სადაც დემოკრატია იბადებოდა, დღეს ყველაფერს ანადგურებენ" - გაფიცული ხელოვანები მსვლელობით ჭავჭავაძისკენ მიემართებიან
ამ წუთებში გაფიცული ხელოვანები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან და ჭავჭავაძისკენ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისისკენ მიემართებიან.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პარტნიორებს დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ დროა, ცივილური სამყარო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდეს.
საპროტესტო მსვლელობაზე მსახიობი ეკა დემეტრაძეც იმყოფება. ევროპული მომავლის მცველი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დღევანდელი პროტესტის მიზანი ერთია - მსოფლიოს საკუთარი ხმა მეტად გააგონონ.
პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ დღეს უკვე აღარ აქვს პროფესიას მნიშვნელობა, ყველა სფეროშია შესული ის უამრავი პრობლემა, რაც საქართველოშია. ყველა ადამიანს ეხება ის უსამართლობა და როგორ ზღვარს გადავიდა ხელისუფლება. ამორალურები გახდნენ. ეს არავისთვის მისაღები არ არის. საელჩოებთან მივდივართ, რათა მსოფლიოს ჩვენი ხმა მეტად გავაგონოთ, რადგან მათი გვერდში დგომა ჩვენთვის კატეგორიულად მნიშვნელოვანია. ქვეყანაში, სადაც იბადებოდა დემოკრატია, დღეს ანადგურებენ ყველაფერს. გადავდივართ ავტორიტარულ, ოლიგარქიულ რეჟიმში, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები კადრულობენ ყველაფერს", - ამბობს ეკა დემეტრაძე.
მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - თბილისში დღეს 19 საპროტესტო აქცია იმართება.