ყველას გააზრებული აქვს, რომ ან ახლა, ან დამთავრდა - მახარაძე
გიორგი მახარაძე თბილისის ქუჩებში მიმდინარე გაფიცული ხელოვანების საპროტესტო მსვლელობაზე იმყოფება - მსახიობი მიიჩნევს, რომ დღეს თითოეულ მოქალაქეს კარგად აქვს გააზრებული, რომ თუ პროტესტი შეწყდება, მაშინ ყველაფერი ევროპული საბოლოოდ დამთავრდება.
გიორგი მახარაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რეპრესიების მიზანი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინების მცდელობაა.
დღეს უკვე ყველამ ყველაფერი იცის. თავიანთი ამომრჩეველი ვინც ჰყავდათ, ისინიც შეცოტავდნენ არჩევნების მერე. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის აქციებს. ყველას გააზრებული აქვს, რომ ან ახლა, ან დამთავრდა. ამათი რეპრესიები, კრიმინალური პოლიციის ერთობლივი ნამუშევრები, რასაც ყოველ ღამე ვხედავთ, ეს გათვლა არის იმისთვის, რომ ხალხი ვინც აქციაზე ვართ, წავიდეთ ქვეყნიდან. უნდა, რომ დაიტოვოს ის ხალხი, ვისზეც გავლენა აქვს. დანარჩენი საქართველო აღარ უნდა, რომ არსებობდეს, ვერ მივართმევთ ამას ვერანაირად", - ამბობს გიორგი მახარაძე.
ამ წუთებში გაფიცული ხელოვანები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან და ჭავჭავაძისკენ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისისკენ მიემართებიან.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პარტნიორებს დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ დროა, ცივილური სამყარო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდეს.