"ჩემი შვილი ციხეში გამოკეტეთ, მაგრამ არ დავნებდები, მე გავუძღვები ამ საქმეს" - საბა სხვიტარიძის დედა
"ჩემი შვილი ციხეში გამოკეტეთ, მაგრამ არ დავნებდები, მე გავუძღვები ამ საქმეს" - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე სასტიკად ნაცემი და დაჭერილი საბა სხვიტარიძის დედამ განაცხადა.
გისოსებს მიღმა გამოკეტილი კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის დედამ რუსთაველის გამზირზე თქვა, რომ მის შვილს ოთხი კედელი თავისუფლებას ვერასდროს წაართმევს.
"ესენი ("ოცნება") არიან ჯალათები, კაცის მკვლელები" - აღნიშნა სპეციალური დანიშნულების რაზმების სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლის დედამ.
ამას პროცესი არ ჰქვია. ეს არის ჯალათობა, ხალხის დაშინება. არ მეშინია, არ შემეშინდება. ჩემი შვილი ციხეში გამოკეტეთ, მაგრამ ჩემი შვილის მაგივრად, მე ვიქნები, მე გავუძღვები ამ საქმეს. როგორი აქტიურიც იყო ჩემი შვილი, ისეთივე აქტიური ვიქნები, არ დავნებდები ამ სისტემას როგორც არ დანებდა ჩემი შვილი.
ჩემი შვილი ამათზე მეტად თავისუფალია, ოთხი კედელი თავისუფლებას ვერასოდეს ვერ წაართმევს. ამათ არც ღმერთი სწამთ, არც ამათი ნაძვის ხე უნდათ არავის, ამათი არაფერი არ მინდა. ესენი არიან ჯალათები, კაცის მკვლელები და ამისთანა რამე არ გაუკეთებია არცერთ მთავრობას არცერთ სახელმწიფოში. მსოფლიოს არ ახსოვს, რომ 17 დღე ესე მშვიდად დგანან ჩემი მოქალაქეები, მაქვს თქვენი სუყველას იმედი. ჩვენ გავიმარჯვებთ'', - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.
ცნობისთვის, კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი და სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს, ზესტაფონის ტერიტორიის მიმდებარედ დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
საბა სხვიტარიძემ სასამართლო სხდომაზე საპოლიციო ძალები არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა. მისი ჩვენების თანახმად, ახალგაზრდა დაკავებისას უმოწყალოდ სცემეს, სამმართველოში ერთ-ერთ კაბინეტში შეათრიეს და ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ოთხ ნიღბიანს დაუძახეს, იზოლატორში კი პოლიციელმა თავზე ხე გადაამტვრია.