მომიტინგეთა სასტიკი დარბევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა - Amnesty International-ი სისხლიან მოვლენებს უმწვავეს შეფასებას აძლევს

14.12.24 17:39
მომიტინგეთა სასტიკი დარბევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა -  Amnesty International-ი სისხლიან მოვლენებს უმწვავეს შეფასებას აძლევს

"მომიტინგეების დარბევის ფონზე, პოლიცია ადამიანის უფლებებს შოკისმომგვრელად არღვევს"- ამ სათაურით აქვეყნებს Amnesty International საქართველოში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შესახებ ვრცელ დოკუმენტს

Amnesty International წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში ასობით დემონსტრანტი სასტიკად დაარბიეს, თვითნებურად დააკავეს, აწამეს და არაადამიანურად მოეპყრნენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობს, აღნიშნავს, რომ მათ მიერ მომზადებული დეტალური დოკუმენტი, სადაც საპოლიციო ძალების  მსხვერპლთა ჩვენებები და მტკიცებულებებია მოცემული, ადამიანის უფლებების ფართო დარღვევაზე მიუთითებს. 

29 ნოემბრიდან თბილისში და ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასობრივი პროტესტები. დედაქალაქში, პარლამენტის წინ და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ათასობით ადამიანი მშვიდობიანად აპროტესტებდა; მსგავსმა დემონსტრაციებმა სხვა რეგიონებშიც მოიკრიბა ძალა. საპასუხოდ, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რამაც დაპირისპირება გაამწვავა. შედეგად, მრავალი ადამიანი დაშავდა, ხოლო ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სასტიკი ცემის სცენები. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების დევნა დემონსტრაციების გარეთაც გააგრძელა, მათ საცხოვრებელ სახლებში და ოფისებში ჩხრეკებისა და დაკავებების გზით. ამ დროისთვის 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 430 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, ხოლო 30-ზე მეტი კრიმინალური პასუხისმგებლობის წინაშე დგას, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში წერია, რომ არსებული ცნობების მიხედვით, დაკავებულთა უმრავლესობა, 300-ზე მეტი დემონსტრანტი, სპეციალური საპოლიციო ძალების მიერ წამებას და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ამ შემთხვევების დიდი ნაწილი წამებად ითვლება. 80-ზე მეტი ადამიანი მძიმე დაზიანებებით არის ჰოსპიტალიზებული, მათ შორისაა, სახის ძვლების მოტეხილობები და თავის ტვინის შერყევები. პოლიციის მიერ უკანონო ძალის გამოყენებისა და წამების მასშტაბები იმაზე მიუთითებს, რომ ეს ქმედებები მთავრობის მხრიდან, დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობს.

სასამართლოები უმეტესად უგულებელყოფენ წამების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევების მტკიცებულებებს. 160-ზე მეტ ადამიანს დააკისრეს ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა. პოლიცია და მთლიანად კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, გამოიყენება მომიტინგეთა დაშინებისა და მათი მშვიდობიანი გამოხატვის ჩახშობის ინსტრუმენტად, რაც ინსტიტუციონალიზებულ რეპრესიაზე მიუთითებს"- ვკითხულობთ ვრცელ დოკუმენტში.

Amnesty International-ი ქუჩებში გადანაწილებული ნიღბიანი პირების ქმედებებისაც აფასებს და უფლებადამცველებს იშველიებს, რომლებიც მიუთოთებენ, რომ  "ეს პირები, პოლიციის მხარდაჭერით, მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს ემუქრებიან და უტევენ".

ანგარიშში წარმოდგენილია ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტაცია შემთხვევების განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, რაც მოიცავს დაშავებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ჩვენებებს, ანგარიშების ანალიზსა და საქართველოს უფლებადამცველებთან ინტერვიუებს, ასევე ვიდეო და ფოტომასალას. 

ანალიზი მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებიც პროტესტების ჩახშობასა და სამართლიანობის ციკლის დარღვევას ისახავს მიზნად"- ვკითხულობთ დოკუმენტში. 

Amnesty International ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში პროტესტების ჩახშობის ზრდის გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

განცხადების ავტორები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოხატოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოში თავიანთ უფლებებს მშვიდობიანად იცავენ. 

დოკუმენტის ინგლისური ვერსია იხილეთ მოცემულ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები