დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს - მამუკა ხაზარაძე

14.12.24 18:29
დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს, რადგან ოპოზიციონერის თქმით, ის შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.

ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს საზოგადოებას არ აჰყვეს "ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში".

დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე უკვე მე-16 დღეა აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი. 
იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც  ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი.  
თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას - რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუსის განცხადებით. 
მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ, ე.წ. მთავრობას", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანები აქვთ დადგმული და ხმის გამაძლიერებლები, განათებები დამონტაჟებული. 

ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები