საქართველო დღეს დანიშნულ უდიპლომო პრეზიდენტს არ იმსახურებს - ქეთევან თურაზაშვილი
საქართველო დღეს დანიშნულ უდიპლომო პრეზიდენტს არ იმსახურებს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
თურაზაშვილის თქმით, ეს "ოცნების" მხრიდან დაცინვაა.
ოპოზიციონერი კალაძის მიერ გადადებულ ზეიმზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილისის მერმა "ვერ გაბედა მზაკვრულად საკუთარი ზეიმის მოწყობა"
დღეს სახეზეა უზურპირებული ძალაუფლება და გვყავს 500-მდე პოლიტპატიმარი. მათ შორისაა ჩემი მეგობარი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირადი პატიმარია - ამბობს თურაზაშვილი.
,,ქართულმა ოცნებამ" დღეს დაგვინიშნა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი, უდიპლომო პრეზიდენტი. მიმაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს ასეთ პრეზიდენტს, არცერთი მოქალაქე, მათ შორის ოცნების ამომრჩევლებიც კი არ იმსახურებენ ისეთ პრეზიდენტს, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია. ეს არის დაცინვა ოცნების მხრიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი საერთოდ უგულებელყოფენ ამხელა პროცესს. ამდენი დღეა ეს ხალხი დგას ქუჩაში და აპროტესტებს, პროტესტის მნიშვნელობა კი იზრდება იმის პროპორციულად, თუ რას გვთავაზობს ,,ქართული ოცნება". კალაძე დღეს გვპირდებოდა ნაძვის ხეს ავანთებო, ხომ ხედავთ, ვერ გაბედა მზკვრულად საკუთარი ზეიმის მოწყობა. ჩვენ დღეს არ გვაქვს საზეიმო განწყობა, რადგან დღეს სახეზეა უზურპირებული ძალაუფლება და გვყავს 500-მდე პოლიტპატიმარი. მათ შორისაა ჩემი მეგობარი ალეკო ელისაშვილი, ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო დღეს ივანიშვილის რეჟიმის პირადი პატიმარია. მას მოუწყვეს პროვოკაცია და ამის საფუძველზე ის არის დღეს საპატიმროში. ივანიშვილის დაპირებული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ ქაოსი, ძალადობა, საზოგადოების გახლეჩა. სასამართლოებში ასამართლებენ და ჯარიმებს უწესებენ ძალიან ჯანსაღ, თავისუფალ, ნიჭიერ ახალგაზრდებს, ამის ფონზე კი აქციის მონაწილეებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის დასჯილი, არცერთი მოძალადის მიმართ საქმე არ არის აღძრული. აი, ასეთი ცხოვრება შემოგვთავაზა ივანიშვილის რეჟიმმა და ცხადია, რომ ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს.
უკვე მე 16-ე დღეა ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ ქართული „ოცნების უკანონობებს" - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.