ეს რეჟიმი უნდა დაისაჯოს და უნდა მოხდეს ზნეობრივი მონანიება - ექსკლუზიური ინტერვიუ "მონანიების" რეჟისორთან"
რა სამწუხაროა, რომ 40 წლის წინ გადაღებული ფილმი, დღეს ასეთი რეალისტური გახდა - ამ სიტყვებით დაიწყო ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან "მონანიების" რეჟისორმა.
ნანა ჯანელიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში "ოცნებისა" და კრემლის რეჟიმებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა და თქვა, რომ ამდენ მომიტინგეს მოსკოვშიც კი არ აკავებდნენ.
რეჟისორი ამბობს, რომ დღეს რაც საქართველოში ხდება, 37 წლის რეპრესიებს ახსენებს, როდესაც სახლებში შევარდნა და ადამიანების საკუთარი სახლებიდან გატაცებები ხდებოდა.
ზუსტად ის კაკუნია - ამბობს კინორეჟიროსი და ირაკლი აბაშიძის ლექსს იხენებს - "საქართველოს თავზე კაენის სულმა გადაისრიალა"
რა სამწუხაროა, რომ 40 წლის წინ გადაღებული ფილმი, დღეს ასეთი რეალისტური გახდა. ეს ყველაფერი იყო და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ მეორდება. პარალელისთვის წარმოიდგინეთ, მოსკოვში ბალოტნაიაზე რომ გამოდიოდნენ ახალგაზრდები, იქ 13 მილიონი ადამიანია, დაპატიმრებული იყო 500 და ამ პატარა თბილისში უკვე 500-მდეა დაპატიმრებული და 390 ნაცემი. ეს რეალობა ჩვენ დაგვიდგა. თითქოს არ გვჯერა, მაგრამ ზუსტად ის კაკუნია, ზუსტად ის ადამიანების წაყვანა სახლიდან, გატაცება, საჯარო ცემა, რაც არ იყო 37-ში სხვანაირად კეთდებოდა ეს. ამ ყოფამ მოგვიკაკუნა, ძალიან მძიმე სანახავია, ჩვენ ახლა ვართ იმ შავ-ბნელ პერიოდში, როდესაც ერთმა პოეტმა თქვა, საქართველოს თავზე კაენის სულმა გადაისრიალაო, ამგონია, რომ ახლა რაღაცა კაენის სულის აღზევებაში. რაღაცნაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას და ვფიქრობ, რაც აირჩია ჩვენმა ხალხმა, რომ ისინი გამოვიდნენ ქუჩაში, ეს სწორი გზაა. ეს არის მაჰათმა განდის გზა, როდესაც ბოროტებას ძალადობით არ პასუხობ, არამედ ეწინააღმდეგები სიკეთით. დგახარ მშვიდობიანად და შეუპოვრად"- ამბობს ნანა ჯანელიძე.
კინორეჟისორი ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს საქართველოს ოქროს გენოფონდს უწოდებს.
მჯერა, რომ თორნიკე არავიძეები, ვინც ახლა დგანან ქუჩაში და მზად არიან ემსხვერპლონ, გაიმარჯვებენ - ამბობს ნანა ჯანელიძე.
ახალგაზრდები არიან საქართველოს ოქროს გენოფონდი, მგონია, რომ თორნიკე არავიძე ეს არის მათი მომავალი. დღეს მათი შვილები ბევრი მათგანი დგას ქუჩაში, დგას მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საწინააღმდეგო მხარეს არიან, მაგრამ, საბოლოოდ მშობელი ყოველთვის უთმობს შვილს, რადგან შვილზე ძვირფასი არაფერია. ამიტომ, მჯერა, რომ თორნიკე არავიძეები, ვინც ახლა დგანან ქუჩაში და მზად არიან ემსხვერპლონ, გაიმარჯვებენ"- აცხადებს რეჟისორი.
ჯანელიძე შეძრწუნებულია იმ ძალადობით, რასაც რეჟიმი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ახორციელებს. მისი თქმით, ეს რეჟიმი უნდა დაისაჯოს, უნდა გასამართლდეს და უნდა მოხდეს ზნეობრივი მონანიება
რობოტები ცოცხალ, სისხლით სავსე ადამიანებს ასისხლიანებენ, ამას როცა ხედავ, როგორ შეიძლება "ოცნებას" მხარი დაუჭირო - ამბობს კინორეჟისორი.
ისეთი სისასტიკე ხდება, გგონია, რომ კომპიუტერულ თამაშს უყურებ. რობოტები ესევიან ცოცხალ, სისხლით სავსე ადამიანებს და მათ ასისხლიანებენ, ამას როცა ხედავენ, როგორ შეიძლება დაუჭირო მხარი იმას, რასაც ქვია "ქართული ოცნება". არჩევნებიდან ორ კვირაში ჩვენ სრულიად სხვა საქართველოში აღმოვჩნდით. უცებ რეჟიმში აღმოვჩნდით, ეს მანამდე ასე არ იყო გამოკვეთილი. რაც გქვონდა ასეთი რეჟიმები, არცერთმა არ მოინანია, მე არ ვგულისხმობ მარტო ზნეობრივ მონანიებას, ეს უნდა იყოს იურიდიული სამართლის შესრულება, როცა ესა თუ ის რეჟიმი არის დამნაშავე, მას უნდა გამოეტანოს, ასეთი ვერდიქტი. ეს რეჟიმიც უნდა დაისაჯოს, გარდა ამისა, უნდა მოხდეს ზნეობრივი მონანიება. ჩვენ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ მოვინანიეთ და ამიტომ ვართ ამ წამოწეული ცოდვების თარეშში",- ამბობს ნანა ჯანელიძე.