კიდევ ერთი ფაქტორია, რომ უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნალში სიმართლე დამტკიცდეს - ბოკუჩავა "Amnesty International"-ის ანგარიშზე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "Amnesty International"-ის მწვავე ანგარიში კიდევ ერთი ფაქტორია, რომ უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნალში სიმართლე დამტკიცდეს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არიან მხილებულნი, პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსაც მიმართონ და ბუნებრივია, ისეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც "Amnesty International"-ია, რომელიც ასევე აღნიშნულ ფაქტებზე საუბრობს, ეს კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ეს სიმართლე დამტკიცდეს უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნალში, რა შემთხვევაშიც ამ რუსულ ომონად ქცეულ სპეცრაზმელებს თუ სხვა სამართალდამცვებეს, რომლებიც სამართალდამრღვევებად იქცნენ ივანიშვილის ხელში, მოუწევთ, პასუხი აგონ არა მხოლოდ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშეც, - ამბობს ბოკუჩავა.
"Amnesty International"-ი თბილისში მიმდინარე 16 დღიან უწყვეტ პროტესტზე უმწვავეს ანგარიშს აქვეყნებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში პროტესტების ჩახშობის მეთოდებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემურ დარღვევაზე. ანგარიშში მოხვდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წამების და არასათანადო მოპყრობის ასობით ფაქტი, რის შემდეგაც სახის ძვლების მოტეხილობებით და თავის ტვინის შერყევით თბილისის კლინიკები გადაივსო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან უკანონო ძალის გამოყენების და წამების მასშტაბები ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულია, სასტიკი ანგარიშწორების მსხვერპლ ხალხს კი დამატებით ასამართლებენ კიდეც.