რატომ არ შეიძლება ნიქსარის მიღება საკვებთან, გრეიპფრუტთან და ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად

16.12.24 12:58
რატომ არ შეიძლება ნიქსარის მიღება საკვებთან, გრეიპფრუტთან და ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად

ნიქსარი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ალერგიული რინიტისა და ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება. ამ წამლის მოქმედი ნივთიერება ბილასტინია, ანუ ნიქსარი სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებით მუშაობს.

ექიმების რჩევით, ბილასტინი საკვებთან და წვენებთან ერთად არ უნდა მივიღოთ, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენთან ერთად. მკაცრად გვაფრთხილებენ იმაზეც, რომ ეს პრეპარატი ზოგიერთ მედიკამენტთან ურთიერთქმედებს.

მოდით, გავიგოთ, რას უნდა მოვერიდოთ ნიქსარის მიღებისას და — რატომ.

1. საკვები და გრეიპფრუტის წვენი

სხეულს შეიძლება ბილასტინის ათვისება ძალიან გაუჭირდეს, თუ მას საკვებთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად მივიღებთ. კვლევების მიხედვით, საკვები (განსაკუთრებით ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე) ზოგჯერ ამ წამლის ეფექტიანობას ამცირებს, რადგან ნაწლავებში მისი შეწოვა ნელდება.

მეორე მხრივ, გრეიპფრუტი მომნელებელ სისტემაში ზოგიერთ ისეთ ფერმენტსა და სატრანსპორტო ცილასთან ურთიერთქმედებს, რომლებიც ბილასტინის გადამუშავებაში მონაწილეობს. შესაბამისად, ამ ხილის მიღების პარალელურად სისხლში საბოლოოდ ნაკლები პრეპარატი გადადის.

სწორედ ამის გამო გვირჩევენ, რომ ნიქსარი უზმოზე მივიღოთ. შესაძლებელია ისიც, რომ იგი ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ გამოვიყენოთ. ანალოგიური შუალედი უნდა დავიცვათ მაშინაც, როცა გრეიპფრუტის წვენის მიღება გვინდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლისა და ბილასტინის ერთად მიღება სახიფათო ნაკლებადაა. 20-მილიგრამიანი დოზით გამოყენებისას პრეპარატი არ აძლიერებს ძილიანობას, რომელსაც ალკოჰოლი იწვევს. ამის მიუხედავად, გამონაკლის შემთხვევებში მოთენთილობამ მაინც შეიძლება იჩინოს თავი.

2. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები და ანტიბიოტიკები

ზოგიერთი მედიკამენტი ბილასტინის გამართულ მეტაბოლიზმს აფერხებს; ამან, შესაძლოა, სხეულში პრეპარატის მოჭარბება გამოიწვიოს. ბილასტინს ინტერაქცია უფრო მეტად სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებსა და ანტიჰისტამინებთან ახასიათებს (თუმცა არა ყველა მათგანთან). ცნობილია, რომ კეტონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო) და ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი) თრგუნავს კონკრეტულ ფერმენტებს, რომლებიც ბილასტინის მეტაბოლიზმზეა პასუხისმგებელი. შედეგად სისხლში ბილასტინი გამიზნულზე დიდი რაოდენობით გადადის, რაც გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს ზრდის. 

 

ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბილასტინის გამოყენებამდე ექიმს აცნობოთ, რა მედიკამენტებს იღებთ (ან მიგიღიათ ახლო წარსულში). იგი კონკრეტულ მითითებებს მოგცემთ ანდა ალტერნატიულ ანტიჰისტამინს შეგირჩევთ.

იმ პრეპარატებს, რომლებთანაც ბილასტინი ურთიერთქმედებს, ნიქსარის ანოტაციაში გაეცნობით.

3. სხვა ანტიჰისტამინები და ძილის წამლები

ბილასტინი ახალი თაობის ანტიჰისტამინია და ძილიანობას არ იწვევს, თუმცა ალერგიის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების ან ძილის წამლების მიღებისას სიფრთხილე გვმართებს. ცნობილია, რომ მოთენთილობის რისკი იზრდება, თუ ბილასტინს ბენზოდიაზეპინებთან, ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებთან ან კონკრეტულ საძილე პრეპარატებთან ერთად მივიღებთ. 

ამის გამო ნუ გამოიყენებთ ბილასტინს სხვა ანტიჰისტამინებთან ერთად, თუკი ექიმი ამას თავად არ გირჩევთ. თუკი სხვა ტიპის მედიკამენტების მიღებას აპირებთ, მნიშვნელოვანია, რომ ამის უსაფრთხოება ჯერ მკურნალ ექიმთან დააზუსტოთ.

4. P-გლიკოპროტეინის მოდულატორები

სხეულში ბილასტინის გადაადგილებაზე ცილა, სახელად P-გლიკოპროტეინი, აგებს პასუხს. ეს ცილა სხვადასხვა პრეპარატის ნორმალურად შეწოვასა და გადანაწილებას უწყობს ხელს. ზოგიერთმა მედიკამენტმა, თუნდაც ციკლოსპორინმა (იგი იმუნოსუპრესანტია),  შესაძლოა, P-გლიკოპროტეინი დათრგუნოს; იგი თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, შედეგად კი სისხლში ბილასტინის რაოდენობა გაიზრდება.

ნიქსარი იქნება ეს თუ სხვა წამალი, მსგავსი ინტერაქციების თავიდან ასარიდებლად ექიმს დაწვრილებით უნდა გააცნოთ ყველა მედიკამენტი თუ საშუალება, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან სამომავლოდ შეიძლება მიიღოთ. ასე მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება.

NS

 

ბილასტინის შეძენას სხვადასხვა სახით პსპ-ს სააფთიაქო ქსელშიც შეძლებთ.

მსგავსი სიახლეები