"რონდელის ფონდის" მკვლევარი თავისუფალია - ვატო ბჟალავა მასზე განხორციელებულ ძალადობას დეტალურად იხსენებს

16.12.24 22:24
"რონდელის ფონდის" მკვლევარი თავისუფალია - ვატო ბჟალავა მასზე განხორციელებულ ძალადობას დეტალურად იხსენებს

"რონდელის ფონდის" მკვლევარი თავისუფალია - საპატიმროს დატოვების შემდეგ, ვატო ბჟალავა "ტვ პირველთან" ინტერვიუში დაკავებისა და კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მასზე განხორციელებულ ძალადობას დეტალურად იხსენებს. 

ვატო ბჟალავა აცხადებს, რომ ვაკის პარკიდან სახლში დაბრუნების დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოთხი პირი მასთან მივიდა, პირადობა მოსთხოვა, ტელეფონი ჩამოართვა და შემდეგ მანქანაში ჩასვა, თუმცა უცნობ პირებს მკვლევრისთვის არ განუმარტავთ, თუ რის საფუძველზე აკავებდნენ.

"რონდელის ფონდის" მკვლევრის განმარტებით, დიღომში არსებული კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ, სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს. კერძოდ, ვატო ბჟალავას ცნობით, საპოლიციო ძალები ტელეფონის გახსნას სთხოვდნენ, რაზეც უარის თქმის შემდეგ, წიხლი დაარტყეს, სახეში შემოარტყეს და ემუქრებოდნენ. 

მკვლევარი მისი დაკავებისა და გისოსებს მიღმა დროებით გამოკეტვის უკან გაცხადებულ სამოქალაქო პოზიციასა და აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობას უკავშირებს.  

გადავწყვიტე, რომ სამსახურში არ წავსულიყავი და სახლიდან მემუშავა. ჩემი ძაღლი წავიყვანე სასეირნოდ ვაკის პარკში. უკან დაბრუნებისას, კავსაძის კუთხე რომ გადმოვკვეთე, დავინახე ორი ადამიანი, რომლებიც მაკვირდებოდნენ. უცნაური მოძრაობა გააკეთეს, ერთმანეთის საპირისპიროდ წავიდნენ, დაიწყეს მესიჯების წერა, მივხდი რაღაში იყო საქმე.

გავამზადე ლაივი თავდაცვის მიზნით და როდესაც არკაში შევედი ოთხი ადამიანი, რომლებიც სამოქალაქო ფორმებში იყვნენ ჩაცმული, ჩემკენ წამოვიდნენ. მთხოვეს, რომ მეჩვენებინა პირადობა, პირადობას სულ თან ვატარებ და ვაჩვენე. მერე მითხრეს, რომ ტელეფონი მომეციო. მე მქონდა გადაღების უფლება, მაგრამ ტელეფონს როგორც კი ხელი მოკიდეს, მივაწოდე.

მითხრეს, რომ დაკავებული ბრძანდებიო. წამიყვანეს მანქანაში, რომელიც იქვე იყო გაჩერებული და მანქანაც არ იყო სამართალდამცველების. ვუთხარი, რომ ეჩვენებინათ მოწმობა და არ მაჩვენეს, ვუთხარი, რომ ეთქვათ რაზე ვიყავი დაკავებული და არ განმიმარტეს. გზად გადამიღეს ფოტო, გადამიყვანეს დიღომში განყოფილებაში, სადაც სანამ დაკითხვა დაიწყებოდა მითხრეს, რომ მეთქვა ტელეფონის კოდი. ვუთხარი, რომ ადვოკატთან დამაკავშირეთ და არ მაქვს პრობლემა-მეთქი. შემოვიდა ღონიერი სამართალდამცველი, მითხრა ტელეფონი გახსენიო. მაყენებდა შეურაცხყოფას, შემომარტყა სახეში, წიხლი დამარტყა და შემდეგ გავიდა. დაიწყო დაკითხვა, რომელიც უფრო დებატებში გადავიდა", - ამბობს ვატო ბჟალავა.

მსგავსი სიახლეები