"ოცნების" წინააღმდეგ უკვე 520-მდე ბიზნესი გამოდის - კობახიძე იმუქრება
520-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ორ მთავარ მოთხოვნას უერთდება: ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ორი პირობაა ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი დაიძლიოს.
პოლიტიკურ პროცესებს გასცდა ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება და შეიძლება, სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გამოიწვიოს და ბიზნესი თანმხდება ორ რაღაცაზე, რომ საჭიროა დეესკალაცია, რომლის გზაც არის ახალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და იმ ახალგაზრდების გამოშვება, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები. თუ ქვეყანა გვადარდებს, ეს ნაბიჯებია გადასადგმელი. პლატფორმა იქნება ერთგვარი არქივი, რომელსაც ჩენ წლების შემდეგაც დავუბრუნდებით და ვნახავთ, რომ დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, როცა ეს გადაწყვეტილება მისაღები იყო, როდესაც შეერთება და ხალხის გვერდით დგომა იყო მნიშვნელოვანი, რომელმა კომპანიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ შეიკავა თავი და რომელმა თქვა, რომ „არა, მე ამ ნაბიჯებს არ შევუერთდები“, - ამბობენ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.
ამ ფონზე კი პრემიერი კობახიძე იმუქრება და ამტკიცებს, რომ ეს ქმედება ბიზნესებს უკან შემოუბრუნდებათ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 20-მდე ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და ისინი დაამშვიდა. საუბარია, სავარაუდოდ, "ოცნების" კარის ბიზნესმენებზე. ამის მიუხედავად, "ოცნების" პრემიერი არ ხვდება იმ ბიზნესმენებს, ვინც ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
პირველ რიგში, რაც მთავარია, მაიდანი ჩავარდა და მაიდნის მცდელობა იყო მთავარი რისკფაქტორი ბიზნესისთვის. ეს რისკფაქტორი არის მთლიანად მოხსნილი. მათი ეს განცხადება მაინც და მაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის, შესაბამისად, შეიძლება, მხოლოდ მათ მიუბრუნდეთ უკან, თუ დავუშვათ, ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო მაიდანთან, რაც დაკავშირებული იყო ქვეყნის არევასთან. რეალურად, ეს არის ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადება, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიზნეს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის, ამ ბიზნესებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებით თუ უნებლიერ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში, - ამბობს ირაკლი კობახიძე.