თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა 800-ს გადასცდა
თავისუფალი ბიზნესების განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა 800-ს გადასცდა. ამ დროისთვის, განცხადებას ხელს 870 კომპანია აწერს ხელს.
ჩამონათვალში არიან მეღვინეები. მათ შორის კომპანია "თბილღვინო", რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ მარგველაშვილმა "პირველებთან" საუბარში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებები გაჩერების საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ეს მოხდა, ბიზნესისთვის ძნელი მოსანელებელი იქნება.
25-ზე მეტ ქვეყანაში ვახდენთ ექსპორტს თითქმის 30 წელია და ჩვენ, ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი რესურსები გვაქვს დახარჯული იმისთის, რომ დღევანდლამდე მივსულიყავით და მათ შორის, ჩვენს განვითარებაში ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მათი დაფინანსებით მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ. ჩვენ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებები გაგვიჩერდება, ბანკებსაც შეუწყდებათ, ბიზნესისთვის ეს ძალიან ძნელად მოსანელებელი იქნება", - განაცხადა თბილღვინოს გენერალურმა დირექტორმა.
განცხადებაში ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში.