თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა შეუერთდა
2023 წლის 6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გორიდან ჩამოვიდა.
"ჩამოვიტანეთ გორის ვაშლი. მინდა, გავახალისო აქციაზე მდგომი ყველა ადამიანი" - თქვა გივი გინტურმა.
გივი გინტურმა "პირველებთან" საუბრის დროს განაცხადა, რომ ევროპული მომავლის მცველების ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და აქციის ფარგლებში უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს არ გაათავისუფლებენ.
ჩამოვედი გორიდან, ჩამოვიტანეთ გორის ვაშლი. მინდა, გავახალისო აქციაზე მდგომი ყველა ადამიანი. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ეს ბრძოლა იქნება, პირველ რიგში, ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გამოშვებისთვის. ძალიან ძნელია იმის ყურება, თუ როგორ ექცევა პოლიცია ხალხს. როგორც მტრები, ისე ექცევიან", - ამბობს გივი გინტური.