პირველი ინტერვიუ ნიკო მანაგაძესთან, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა

19.12.24 00:32
პირველი ინტერვიუ ნიკო მანაგაძესთან, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა, "ტვ პირველთან" ინტერვიუში ხელბორკილების დადებისა და იზოლატორში გადაყვანის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მისი დაკავების ფაქტს გატაცებად აფასებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა მას შემდეგ აიყვანეს, როდესაც 14 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. 

ახალგაზრდის განმარტებით, მასზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ძალის გამოყენებით, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის მიზნით, ტელეფონი წაართვეს. 

ცოტახნის წინ დავტოვე საკანი. არასასიამოვნო არის ეს გამოცდილება, თუმცა ორდინალური ამ რეჟიმის პირობებში, სამწუხაროდ. რეალურად, ჩემი დაკავება არ მომხდარა, მოხდა გატაცება სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირების მხრიდან, რომლებიც შემდგომ როგორც აღმოჩნდა, იყვნენ პოლიციელები.

მე დღის განმავლობაში აქტიურად ვიყავი და მოვუწოდებდი, რომ ის საპროტესტო კერა, რომელიც გვქონდა, შეგვენარჩუნებინა და დაგვეკავებინა რუსთაველის გამზირი, როგორც სატელევიზიო ეთერებით, ასევე სოციალური ქსელებით ამ მოწოდებას ვაკეთებდი, რომ რაც შეიძლება მეტნი შევკრებილიყავით.

1 საათით ადრე დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ მივსულიყავი განყოფილებაში. რა თქმა უნდა, ვისარგებლე ჩემი უფლებით და ვუთხარი, რომ წარვდგებოდი მოსამართლესთან. მიზანი იყო, რომ 5 საათზე, როცა დაანონსებული გვქონდა შეკრება, იმ ადგილზე არ ვყოფილიყავი. გაღიზიანდნენ თუ რაღაც და საღამოს, როცა ვბრუნდებოდი სახლში, ქუჩაში დამხვდნენ ეს ნიღბიანი სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები და გამიტაცეს.

ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა ალბათ ჯავრი იყარეს, რომ იმ დღეს ღონისძიება ვერ ჩაატარეს რუსთაველზე და იჩენდნენ აგრესიას ვერბალურად. ტელეფონზე მომახსნევინეს ბლოკი. გაიტაცეს ჩემი ტელეფონი ეგრევე უკანონოდ. ესეც იყო ერთ-ერთი მიზანი დაკავების, რომ წვდომა ჰქონდათ ჩემს პერსონალურ ინფორმაციაზე'', - ამბობს ნიკო მანაგაძე.

ცნობისთვის, ნიკო მანაგაძე 14 დეკემბერს დააკავეს, სასამართლომ კი 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები