მძიმე, სასტიკი რეჟიმია, რომელმაც არნახული ტერორი დაგვიყენა - დიხამინჯია
პროფესორი ნანა დიხამინჯია "ქართული ოცნების" მმართველობასა და რეჟიმს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ივანიშვილის გუნდს საკუთარი მოქალაქეების წამებაში ადანაშაულებს.
პროფესორი სისხლიანი დეკემბრის მოვლენებს მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ტერორად აფასებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ახლა საჭიროა საზოგადოებამ ძალები მოაბილიზოს და "სასტიკი რეჟიმი მშვიდობიანი გზით შეაწუხოს".
ეს ძალიან მძიმე, სასტიკი რეჟიმია და უნდა შეაწუხო ყველა მშვიდობიანი გზით. ახლა ამ რეჟიმთან დაპირისპირების დროა, რომელმაც არნახული ტერორი დაგვიყენა ქვეყანაში. გასაბჭოებას თუ არ გავიხსენებთ, საქართველოს ისტორიაში არ არსებობს დრო, რომ 10 დღის განმავლობაში 500 ადამიანი არის ნაცემი, ნაწამები. მთელი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ და რეჟიმი ისე უნდა შევაწუხოთ, რომ არ ამოვასუნთქოთ. გარედანაც გვემატება ეს ზეწოლა და ახლა შიგნიდან უფრო უნდა გავაძლიეროთ და მიზანმიმართულად მივმართოთ", - ამბობს ნანა დიხამინჯია.