"ძალაუფლებას რომ ვადა გაუვა, ლპება და ყროლდება" - მერიიდან მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერი გაათავისუფლეს
თბილისიის მერიიდან მოქალაქეებს ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ - ამჯერად საჯარო სექტორიდან 11-წლიანი მუშაობის შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი თაია მახარაშვილი გაათავისუფლეს.
თაია მახარაშვილი ფაქტს მის გაცხადებულ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს და სოციალურ ქსელში წერს - "ძალაუფლებას რომ ვადა გაუვა, ლპება და ყროლდება".
ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არამარტო მეგობრებო, ოთარ ჭილაძის ლექსის ამ სტროფით გატყობინებთ, რომ თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს.
თითქოსდა ლოგიკურია, რომ ჩემი, როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის, წლების განმავლობაში საკუთარი აზრის ღიად გამომხატველი ადამიანის ბედი ამ პოლიტიკურ ვითარებაში ასე წარიმართა.
ზედმეტიც მგონია იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ უზღვოდა მთელი რიგი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, რომლებმაც კონსტიტუციის ერთგულების გამო რა არ დაგვაბრალეს.
[...] აროგანტული ტონით იმუქრებოდნენ რეორგანიზაციით. მოკლედ, რაღაცნაირი გროტესკული პროცესია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, ჩვენი ნატანჯი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და გახდეს ისეთი, როგორიც ყველა ჯანსაღ, სწორი ღირებულებების ადამიანს სურს. ამისთვის ბრძოლა და თავგანწირვა ნამდვილად ღირს.
ამაყი ვარ და მიხარია, რომ საჯარო სექტორში ჩემი 11-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ერთგულად ვიცავდი საჯარო სამსახურის ყველა პრინციპს. მათ შორის, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, ნეიტრალიტეტის და ღიაობის პრინციპებს. მიხარია, რომ სწორედ ამის გამო დღეს არ მრცხვენია მედიაში მომუშავე არცერთი კოლეგისთვის თვალებში ჩახედვის და მადლობას ვუხდი ყველა კეთილსინდისიერ, პატიოსან ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია ყველაფერი ის, რაც ოდესღაც გვასწავლეს - ვიყოთ ობიექტურები, სამართლიანები და ვიცავდეთ საჯარო ინტერესს.
როგორც ვამბობდი, ძალაუფლებას რომ ვადა გაუვა, ლპება და ყროლდება. ყოველ ჯერზე ასე იყო, ამიტომაც, არ მინანია, როდესაც 2012 წელს წინა ხელისუფლების წასვლას დავუჭირე მხარი და არც შემდგომის გასტუმრება მექნება სანანებელი". - წერს თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში.