ლიტერატურის სფერომ გადავწყვიტეთ, ბარათაშვილის ხიდზე შევიკრიბოთ და ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ - ჯობავა
უწყვეტი პროტესტი საქართველოში გრძელდება - დღეს ყველა სფეროს წარმომადგენელი ერთი იდეის გარშემო ერთიანდება.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გვანცა ჯობავას თქმით, დღეს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ერთობის ჯაჭვში სიმბოლურად ბარათაშვილის ხიდზე ჩაებმებიან და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საკუთარ პროტესტს გამოხატავენ.
ჯობავას განცხადებით, დაანონსებული აქცია-პერფორმანსით მოქალაქეები კიდევ ერთხელ ახალ არჩევნებს და აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს და მოლოდინიც, რომ უამრავი ადამიანი ჩადგება ერთად ერთობის ჯაჭვში. ჩვენ ლიტერატურის სფერომ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლურად ბარათაშვილის ხიდზე შევიკრიბოთ და ბარათაშვილის ხიდზე ერთად დავდგეთ და ერთად ჩავჭიდოთ ხელი და ვთქვათ ჩვენი მთავარი სათქმელი. ჩვენი მთავარი სათქმელიც და საფიქრალიც უკავშირდება, მხოლოდ ჩვენს სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ, რა თქმა უნდა ამ ჯაჭვით კიდევ ერთხელ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ვითხოვთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომელიც დღეს სამშობლოს სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის არის დაპატიმრებული და ემუქრება მრავალწლიანი პატიმრობა'', -ამბობს გვანცა ჯობავა.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება.
დედაქალაქში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.