ჩვენ, დაკავებული შვილების დედები, ივანიშვილს გაქცევის გარდა სხვა გზას არ დავუტოვებთ - "ღიმილის ბიჭის" დედა აქციაზეა
დაკავებული "ღიმილის ბიჭებიდან" ერთ-ერთის, ირაკლი მიმინოშვილის დედა დღეს ერთობის ჯაჭვს შეუერთდა. ის ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი დაკავებული ახალგაზრდის თორნიკე გოშაძის დედასთან ერთად იმყოფება.
მიმინოშვილის დედა ამბობს, რომ დაკავებული შვილების მშობლები ივანიშვილს გაქცევის გარდა სხვა გზას არ დაუტოვებენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
ყველა უნდა გამოუშვან გარეთ, რაც შეიძლება მალე. ივანიშვილი ჯობია გაიქცეს, სანამ ერთი ორი დღე დარჩა გასაქცევად. მოუწევს მას გაქცევა, სხვა გზას მე ვერ დავუტოვებ, სანამ ჩემი შვილი არ იქნება გარეთ და ჩემნაირი რამდენია'', - ამბობს ირაკლი მიმინოშვილის დედა.
საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, 34 წლის ინსაფ ალიევი, 24 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის გიორგი გიორგაძე და 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები არიან.
„ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის“ მუხლით კი პროკურატურამ ბრალი სამ ადამიანს წარუდგინა: 19 წლის სტუდენტსა და აქტივისტს, ზვიად ცეცხლაძეს და პარტია „ლელოს“ წევრებს: ვეფხვია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს.
მოსამართლემ რვავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 2025 წლის 16 იანვარს 12 საათზე ჩანიშნა.