"ჩემს შვილს რა უნდა ციხეში, 24 საათი მუშაობდა" - თორნიკე გოშაძის დედა რუსთაველზეა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "სინდისის პატიმრების" მშობლებიც იმყოფებიან - ირაკლი მიმინოშვილის დედის გვერდით, თორნიკე გოშაძის დედაც დგას.
თორნიკე გოშაძის დედა "ღიმილის ბიჭების" დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რადგან როგორც ის "პირველებთან" განმარტავს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით ახალგაზრდებს ცხოვრებას უმწარებენ და მომავალს უნგრევენ.
"ჩემს შვილს რა უნდა ციხეში, 24 საათი მუშაობდა. რა დააშავა იმაზე მეტი თორნიკემ, რაც ამათმა დააშავეს" - ამბობს "სინდისის პატიმრის" დედა და აღნიშნავს, რომ აქციაზე მისი შვილის მაგივრად დგას.
4-იდან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდება არის ასეთი, ჯგუფური ძალადობა, არადა ამ დროს არავის არ იცნობს. ჩემი შვილი მარტო დადიოდა. ის ციხეშია, მაგრამ მე ვივლი და მოვითხოვ, გაათავისუფლონ ბავშვები, პატარა ბიჭები, რომლებსაც ცხოვრებას, მომავალს უნგრევენ. ჩემს შვილს რა უნდა ციხეში, 24 საათი მუშაობდა რესტორანში მიმტანად. სახლში 12 პოლიციელი დაგვადგა თავზე და მძინარე ბავშვი ლოგინიდან წაიყვანეს. რა დააშავა იმაზე მეტი თორნიკემ, რაც ამათმა დააშავეს", - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.
საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, 34 წლის ინსაფ ალიევი, 24 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის გიორგი გიორგაძე და 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები არიან.
„ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის“ მუხლით კი პროკურატურამ ბრალი სამ ადამიანს წარუდგინა: 19 წლის სტუდენტსა და აქტივისტს, ზვიად ცეცხლაძეს და პარტია „ლელოს“ წევრებს: ვეფხვია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს.
მოსამართლემ რვავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 2025 წლის 16 იანვარს 12 საათზე ჩანიშნა.